1646
2017.11.07
როგორ განისაზღვრება სექსუალური შევიწროება პარლამენტში წარდგენილი პეტიციის თანახმად
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა პეტიცია განიხილა, რომლის მთავარი მოთხოვნაა, სექსუალური შევიწროების კანონით აკრძალვა და დასჯად ქმედებად განსაზღვრა.პეტიციას ათასი მოქალაქე აწერს ხელს. პეტიციის ავტორთა განცხადებით, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს ცვლილებები „შრომის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.“საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება. ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა. სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას”, - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ პეტიციაში.ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პარლამენტში წარდგენილი პეტიციის განხილვა მიზანშეწონილად ჩათვალა და შემდგომი მსჯელობისთვისა გენდერულ საბჭოს გადაუგზავნა.
წყარო: IPN