4420
2017.11.18
რა არის გამარტივებული წარმოება და რით განსხვავდება სასამართლო წარმოებისგან
ხშირად კრედიტორები, რომელთა წინაშეც მოვალეს ფულადი ვალდებულების შესრულება ეკისრება, მიმართავენ გამარტივებულ წარმოებას და ამ გზით ცდილობენ დიდ დროსთან და მეტ დანახარჯთან დაკავშირებული სასამართლო დავის თავიდან აცილებას.
აღსანიშნავია, რომ გამარტივებულ წარმოებას ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო. გამარტივებული წარმოების მომსახურების მისაღებად აპლიკანტმა უნდა წარადგინოს განცხადება და ვალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გამარტივებული წარმოება მოვალისათვის მნიშვნელოვან საფრთხეებთანაა დაკავშირებული. აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეს უგზავნის შეტყობინებას, სადაც განმარტებულია ის შედეგები, რომელიც გამარტივებულ წარმოებას მოჰყვება.
შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში რესპონდენტს შეუძლია განახორციელოს ერთ-ერთი მოქმედება :
სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება;
დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;
განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას;
წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს;
წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;
წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება.
თუ თქვენ არ განაცხადებთ პროტესტს 10 დღის ვადაში, ივარაუდება, რომ თქვენ ეთანხმებით კრედიტორის მოთხოვნას და თქვენი უმოქმედოდა გამოიწვევს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რასაც თქვენ მიმართ იძულებითი აღსრულება მოჰყვება.