რა არის დელიქტი და დაგეკისრებათ თუ არა პასუხისმგებლობა სხვის მიერ მიყენებული ზიანის გამო5428 2017.11.21
რა არის დელიქტი და დაგეკისრებათ თუ არა პასუხისმგებლობა სხვის მიერ მიყენებული ზიანის გამო
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აუნაზღაუროს დაზარალებულს მისი ქმედებით მიყენებული ზიანი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისათვის აუცილებელია: არსებობდეს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, ზიანი გამოწვეული იყოს ზიანის მიმყენებლის ქმედებით და ზიანი მიყენებული იყოს ბრალეული მოქმედებით. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ზიანის მიყენებისათვის ეკისრება ზიანის მიმყენებელს, თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს ზოგადი წესიდან. პირველ რიგში, უნდა აღინოშნოს, რომ 10 წლის ასაკს მიუღწეველი პირი პასუხს არ აგებს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის. ამასთან, მშობლები ან 10 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მეთვალყურეობაზე ვალდებული სხვა პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ ზიანი, რომელიც ამ პირმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიაყენა სხვას. მშობლების მიერ ზიანის ანაზღაურება გამოირიცხება თუ მათ არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება. 10 წელზე მეტი ასაკის არასრულწლოვანი პირი პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა თუ მას არ შეეძლო საკუთარი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო. კანონმდებლობა გამონაკლისს ადგენს ასევე მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში თუ მას მხარდამჭერი დაენიშნა სასამართლო გადაწყვეტილებით ზიანის თავიდან აცილების სფეროში. მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდაჭერის მიმღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა. დროებით უგონო ან სულიერი მოშლილობის მდგომარეობაში მყოფი პირი პასუხს არ აგებს მიყენებული ზიანისათვის. თუ პირმა თვითონ ჩაიყენა თავი ასეთ მდგომარეობაში ალკოჰოლური სასმელის ან მსგავსი საშუალებების გამოყენებით, იგი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალის გარეშე აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში.