ბოლო პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სხვა ორგანიზაციების მხრიდან მოქალაქეების უფლებების დარღვევა ძალზე აქტუალური საკითხია. მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც საკრედიტო ორგანიზაციებიდან სესხებს იღებენ, ხშირად ყოველდღიური შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლნი ხდებიან. საუბარია ე.წ. ამომღებ კომპანიებზე, რომლებიც სხვადასხვა ხერხით პრობლემური სესხის დაბრუნებას ცდილობენ. თუმცა მეთოდები, რომლებსაც ისინი მიმართავენ, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ კანონს სცდება. გარდა იმისა, რომ კონტროლს მიღმა მოქმედი კომპანიები მოქალაქეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, ზოგჯერ მსესხებლებს სასამართლოს გაყალბებულ გადაწყვეტილებებსაც კი უგზავნიან და მეტიც, ხშირად ისინი მოვალის ფინანსური დავალიანების არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ ინფორმაციას მოვალის ოჯახის წევრებს, მის ახლობლესა და მასთან ერთად მცხოვრებ პირებს აწვდიან; კერძოდ, გაფრთხილების წერილები კრედიტორის მხრიდან ეგზავნება მოვალეს, რომელიც ამ უკანასკნელის თანხმობის მიუხედავად ბარდება მესამე პირებს.
როგორ უნდა დაიცვას ასეთ დროს საკუთარი უფლებები მოქალაქემ და ვინ უნდა დაარეგულიროს პრობლემური სესხების ამომღები კომპანიების საქმიანობა?
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით „OK&CG“-ის არაერთ მოქალაქეს მიუმართავს. კომპანიის იურისტების თქმით, ამ ქმედებებით სესხის ამომღები კომპანიები ხშირად არღვევენ კანონს, რადგან მსესხებლის პერსონალურ ინფორმაციას მათი ნებართვის გარეშე გასცემენ.
„ როდესაც კრედიტორი ტელეფონის მეშვეობით ახორციელებს ზარს, მოვალის ვალდებულების არსებობის შესახებ გაფრთხილების მიზნით, ინფორმაციის მიმღებ პირს მიეწოდება სრული ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის. ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ხდება მოვალის ნებართვის გარეშე, რაც უდავოდ არღვევს მის უფლებებს; ანუ, გამოდის, რომ კრედიტორები ვალის ამოღებას კანონდარღვევით ცდილობენ“- განაცხადა „OK&CG“-ის ადვოკატმა, ანა გორდეზიანმა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფინანსური დავალიანებისა და მისი მოცულობის შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრაქტიკაში განსაკუთრებით ხშირია ამ მონაცემთა გასაჯაროება მოქალაქის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის გარეშე. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, მაგალითად, არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით, მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად, კანონის დასაცავად მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა და სხვ.
მონაცემთა უკანონოდ დამუშავების შემთხვევაში პირს შეიძლება მიადგეს როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანი, უარი უთხრან მომსახურების გაწევაზე.
ადვოკატ ანა გორდეზიანის განცხადებით, ასეთ დროს მოქალაქეებმა საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ გზებს უნდა მიმართოს.
„ასეთ დროს პირს უფლება აქვს, მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც განიხილავს განცხადებას და სამართალდამრღვევს დააკისრებს პასუხისმგებლობას , გაფრთხილების ან ჯარიმის სახით. ჯარიმის ოდენობა მერყეობს 100 ლარიდან 10 000 ლარამდე დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით. თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში პირი განმეორებით დაარღვევს კანონის მოთხოვნას ფინანსური სანქციის ოდენობა 2-ჯერ ან 3-ჯერ იზრდება“.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა