პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იგი წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და ერთგვარი სტიმულია ვალდებულების შესრულებისთვის, რადგან ურთიერთობის მონაწილემ იცის, რომ თუ არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მოუწევს გარკვეული ფულადი თანხის გადახდა.
ხელშეკრულებაში პირგასამტეხლო ყოველთვის „პირგასამტეხლოდ“ არ არის სახელდებული. ხშირად ხელშეკრულებაში ვალდებულების უზრუნველყოფის სახით მითითებული თანხა ჯარიმად, საურავად, გადასახდელად და ა. შ. იწოდება, რაც, როგორც წესი, პირგასამტეხლოს სინონიმებია. თუმცა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის არსის, ფუნქციისა და დანიშნულების გარკვევა, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მათ მიმართ პირგასამტეხლოს მარეგულირებელი ნორმების გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც დადგინდება გამოყენებული ტერმინების არსობრივი იდენტურობა პირგასამტეხლოსთან.
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატი, ანა გორდეზიანი განმარტავს, რომ „პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება წერილობითი ფორმით უნდა იყოს შედგენილი, რადგან თუ პირგასამტეხლო წერილობითი ფორმით არაა შეთანხმებული, მაშინ ასეთი დათქმა ბათილად მიიჩნევა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლოს თაობაზე არ არსებობს წერილობითი შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულება, ვერც მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი იარსებებს“.
ადვოკატის თქმით, შესაძლებელია, რომ პირგასამტეხლოს სასურველი ოდენობა მხარეებმა ხელშეკრულებითაც თავისუფლად განსაზღვრონ. „ხშირად ისეც ხდება, რომ მხარეები მიერ პირგასამტეხლო ოდენობა შეუსაბამოდ დიდი ოდენობით არის გათვალისწინებული. თუმცა, ასეთ დროს კანონი იცავს მოვალის ინტერესებსაც. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო,“- განმარტავს ანა გორდეზიანი.
საადვოკატო ბიუროში განმარტავენ, რომ სასამართლოების მიერ აღნიშნულ საკითხზე არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო თანხის შეუსაბამოდ დიდი ოდენობით დარიცხვა „უფლების არაკეთილსინდისიერად და არამართლზომიერად გამოყენების“ ფაქტად მიიჩნევა. ამიტომ, სასამართლოს განმარტებით პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
„პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა 10-ჯერაც კი შემცირებულა. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე საქმის გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და განსაზღვრავს შესამცირებელი თანხის ოდენობას,“- განაცხადა ანა გორდეზიანმა.
თანხის შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, როგორია ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს დანიშნულებაა ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია, შესაბამისად, არ შეიძლება იგი იქცეს მოვალის დასჯის ერთ-ერთ მექანიზმად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც ე.წ. მინიმალური ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. თუმცა, მისი მიზანი არა ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა, არამედ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. იგი გამოიყენება მაშინაც, როდესაც დარღვევა უმნიშვნელოა და ასევე მაშინაც, როდესაც დარღვევას ზიანი არ მოჰყოლია. თავის მხრივ, პირგასამტეხლო ზიანის ანაზღაურებას არ გამორიცხავს, თუ რა თქმა უნდა, ვალდებულების დარღვევის შედეგად არსებობს ზიანი, რომლის კომპენსირება პირგასამტეხლოთი არ მოხდა.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა