„სადაზღვევო კომპანიები დამზღვევის უფლებებს ხშირად არღვევენ“2384 2018.02.09
„სადაზღვევო კომპანიები დამზღვევის უფლებებს ხშირად არღვევენ“

 ფიზიკური თუ იურიდიული პირები ხშირად აზღვევენ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ თუ მოძრავ ქონებას და ამ გზით ცდილობენ მომავალში შესაძლო რისკების თავიდან აცილებას. ტერმინის განმარტებით თუ დავიწყებთ, დაზღვევა არის ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის საშუალება.

 

ვინ არიან დაზღვევისხელშეკრულებისმხარეები?

 

დამზღვევი– ნებისმიერი ფიზიკური/იურიდიული პირი.

მზღვეველი– იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია ლიცენზია სადაზღვეო საქმიანობისათვის.

რა შეიძლება, იყოს დაზღვევისობიექტი?

დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის:

ა) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასთან და სხვა პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა);

ბ) დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასთან და ქონებით სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა);

გ) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ან იურიდიული) პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებულ ზიანთან (პასუხისმგებლობის დაზღვევა).


 დაზღვევასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები რეგულირდება, როგორც სამოქალაქო კოდექსით, ასევე საქართველოს კანონით დაზღვევის შესახებ.


 დაზღვევის ხელშეკრულებით, მზღვეველი ვალდებულია, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დამზღვევს აუნაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი,  ხოლო დამზღვევი ევალება, გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

 საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატის, ანა გორდეზიანის თქმით, მიუხედავად ამგვარი მარტივი განმარტებისა, სადაზღვეო კომპანიების მანკიერი სქემებისა თუ მოქმედებების გამო დაზღვევის ინსტიტუტი ყოველთვის ხელსაყრელი არ არის დამზღვევისთვის და ხშირად მას, არათუ იცავს, არამედ ქონებრივ ზიანსაც კი აყენებს.

 

 „პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალება. დამზღვევს, დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველთვიურად უწევს საკმაოდ სოლიდური სადაზღვევო პრემიის გადახდა, იმ იმედით, რომ მისი საკუთრება დაზიანების შემთხვევაშიც დაცულია. თუმცა, ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევისათვის მიყენებული ზიანი ფასდება თავად სადაზღვევო კომპანიის შემფასებლის მიერ; მსგავსი შეფასება კი, როგორც წესი, მნიშვნელოვნად ნაკლებია რეალურად მიყენებულ ზიანთან მიმართებით, მიუხედავად ამისა, დამზღვევი იძულებულია, დაეყრდნოს ამ შეფასებას და დაეთანხმოს ზიანის ანაზღაურების შემოთავაზებულ პირობებს, რადგან თავად არ გააჩნია შესაძლებლობა, მოკლე ვადებში უზრუნველყოს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება და ამ გზით დაადგინოს ზუსტი ზიანის ოდენობა“.

 

ანა გორდეზიანის თქმით, „მოქალაქეებმა ძირითად შემთხვევებში არ იციან, რომ მათი მოთხოვნა არის საფუძვლიანი და რომ მათ უფლებებს კანონი იცავს. ამიტომ, სამართლებრივი დავის დაწყებისგან თავი არ უნდა შეიკავონ, რადგან  სასამართლოში დავას აზრი ყოველთვის აქვს“. 

„საადვოკატო ბიური „OK&CG“-ის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მიუმართავს სამართლებრივი დახმარების გაწევისთვის. გვქონია საკმაოდ რთული საქმეც (შპს „ჯი-ეს-ემ ტრანსი“ - სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის წინააღმდეგ“), რომელიც სასამართლოში რამდენიმე წელი გაგრძელდა, სადაც დავამტკიცეთ, რომ დამზღვევს, თუკი მისი უფლება ირღვევა, სასამართლოს გზით შეუძლია, დარღვეული უფლება აღიდგინოს,“- განაცხადა ანა გორდეზიანმა.   

იხ. სტატია : „OK&CG“- მ სადაზღვევო კომპანია შპს „აი სი ჯგუფს“ სასამართლო დავა მოუგო