ქეთევან ქავთარაძე:  „თუ დაგაკავეს, ადვოკატთან გასაუბრებამდე, ისარგებლეთ დუმილის უფლებით!“4048 2018.02.10
ქეთევან ქავთარაძე: „თუ დაგაკავეს, ადვოკატთან გასაუბრებამდე, ისარგებლეთ დუმილის უფლებით!“

 

 ხშირად გვსმენია - „მოულოდნელად დამაკავეს და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა“. ლოგიკურია, ყველა ადამიანი იურისტი ვერ იქნება და არ გააჩნიათ შესაბამისი იურიდიული განათლება იმისთვის, რომ საკუთარი უფლებების დაცვა ყველასგან დამოუკიდებლად შეძლონ.

იურიდიული კომპანია  „OK&CG“-ის ადვოკატი, ქეთევან ქავთარაძე გთავაზობთ პირველად რეკომენდაციებს, რომლებიც დაკავებისას უნდა გაითვალისწინოთ:

 

თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს, პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე.

 

პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით, რომელიც პროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ბრალდებულის პირადი მონაცემებისა.

 

ყურადღება მიაქციეთ დამკავებელ სუბიექტს. საქართველოს სისხლის სამართლის 172-ე მუხლის თანახმად, დაკავების უფლება აქვს გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, აწარმოებს გამოძიებას ან ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

 

უპირველეს ყოვლისა, რაც დაკავებისას უნდა მოითხოვოთ, არის სატელეფონო ზარის უფლება ოჯახისწევრთან, ახლობელთან ან უკეთეს შემთხვევაში, პირდაპირ ადვოკატთან.

 

იმ შემთხვევაში, თუ უკვე გყავთ ადვოკატი ან ოჯახის წევრები თქვენ სასარგებლოდ აიყვანენ ადვოკატს, აჯობებს, ისარგებლოთ თქვენთვის კანონით მონიჭებული უფლებამოსილებით და ადვოკატთან გასაუბრებამდე ისარგებლოთ დუმილის უფლებით. მას შემდეგ, რაც ადვოკატთან გასაუბრების საშუალება მოგეცემათ, შეგიძლიათ, ჩვენების მიცემისას მოითხოვოთ ადვოკატის დასწრება, რაც გამოკითხვისას დაგეხმარებათ ჩვენების სწორად ჩამოყალიბებაში.

თქვენ უფლება გაქვთ, არ დაიბრალოთ დანაშაული, ასევე ყველაფერი, რასაც იგი იტყვით, შესაძლებელია, თქვენ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. იურიდიული კომპანია ასევე გირჩევთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში  დაკავებისას მოითხოვოთ უფასო სამედიცინო შემოწმება.

 

დაკავების მომენტიდან თქვენ ითვლებით ბრალდებულად. დაკავებისას, თქვენ უნდა მოითხოვოთ, რომ დაუყოვნებლივ თქვენთვის გასაგებ ენაზე გაგაცნონ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს თქვენს მიმართ დასაბუთებული ვარაუდი.

 

  • - ბრალდების წარდგენისას, აუცილებლად უნდა გადმოგცენ დაკავების ოქმი.

 

  • - დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.

 

  •  - დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა, უნდა გადმოგცენ ბრალდების შესახებ დადგენილება.

 

  • - თუ ამ ვადაში  დადგენილება არ გადმოგეცათ, უფლება გაქვთ დაუყოვნებლივ  მოითხოვოთ განთავისუფლლება.
     

იურიდიული კომპანია „OK&CG“-ს ადვოკატები  დღის ნებისმიერ დროს იზრუნებენ თქვენი უფლებების დაცვაზე.