„მეზობლებს შორის მიწის ნაკვეთების საზღვრების განზრახ დარღვევა, კვლავ აქტუალური პრობლემაა“5017 2018.02.11
„მეზობლებს შორის მიწის ნაკვეთების საზღვრების განზრახ დარღვევა, კვლავ აქტუალური პრობლემაა“

 სამეზობლო სამართალი სამართლის ნორმათა ერთობლიობაა,რომელიც აწესრიგებს სამართალურთიერთობებს როგორც უშუალოდ მომიჯნავე უძრავი ქონების მესაკუთრეებს,ასევე იმ უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის,რომელთა მიერაც ხდება ერთმანეთის ქონებაზე ზემოქმედება.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია, აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.

იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  მითითებული მუხლი არ იძლევა ჩვეულებრივი სარგებლობის საკანონმდებლო დეფინიციას, შესაბამისად, საკითხის განსაზღვრა დამოკიდებული ხდება სასამართლოს შეფასებაზე.

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, თუ მესაკუთრე მოვალეა, ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია, ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

ამ შემთხვევაშიც, კანონმდებელი შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი და ბუნდოვანი სახის განმარტებებით, რაც საბოლოოდ ართულებს მოდავე მხარის მიერ კომპენსაციის დროულად მიღების შესაძლებლობას, რადგან მას უწევს მტკიცება, რამდენად აღემატება ზემოქმედება ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს, ხოლო მსგავსი ეკონომიკური ფარგლების დამდგენი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში, მოქალაქეს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე უწევს ზემოქმედების მუდმივი თმენა

მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს აუცილებელ ღონისძიებათა გატარება, თუ მიწის ნაკვეთს მეზობელი ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება.
  
დღესდღეობით ყველაზე აქტუალურ პრობლემად შესაძლოა, ჩაითვალოს მიწის ნაკვეთების საზღვრების განზრახ დარღვევა. კერძოდ, შემთხვევა, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს, განზრახ  გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, ასეთ  შემთხვევაში,  საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია, გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.

 თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა,  ისევე როგორც სამეზობლო სამართლის მომწესრიგებლ სხვა ნორმებში, კანონმდებელი ამ შემთხვევაშიც არ ადგენს სანქციის ან/და კომპენსაციის  კონკრეტულ ან მინიმალურ ოდენობას, რის გამოც მხარეებს თავად უხდებათ დამატებითი ხარჯების გაღება და   სასამართლოში წარსადგენად მთელი რიგი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების მოძიება.