ალიმენტი, როგორც ოჯახის წევრთა ურთიერთრჩენის მოვალეობა3445 2018.02.27
ალიმენტი, როგორც ოჯახის წევრთა ურთიერთრჩენის მოვალეობა

ალიმენტის ხსენებისას რატომღაც ყველას მხოლოდ ერთი ასოციაცია უჩნდება, რომ ალიმენტის გადახდის ვალდებულება მხოლოდ მშობლების ვალდებულებაა, რაც არასწორია.  საერთოდ, ალიმენტი  ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და გავრცელებული საკითხია, რომლითაც მოქალაქეები დახმარების მიზნით მიმართავენ იურისტებს, ამიტომ, უმჯობესია, თუ მასზე უფრო ზუსტი და საჭირო ინფორმაცია გვექნება.

საადვოკტო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატის, ანა გორდეზიანის განმარტებით, „ზოგად სურათს თუ გადავხედავთ, ალიმენტთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე უფრო აქტუალური განქორწინების შემთხვევაშია. თუმცა, ზუსტად რომ განვმარტოთ ალიმენტის მნიშვნელობა, ეს არის ხარჯი, რომელსაც პირი კანონისმიერი საფუძვლით სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრს/წევრებს“.  

 

ვის ეკისრება ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება?  

 

საქართველოს კანონმდებლობა შეიცავს იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთაც ერთი მხრივ, ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება ეკისრებათ, მეორე მხრივ კი, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ალიმენტი/სარჩო, კერძოდ:

 

- მშობლებიმოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ;

- შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ;

- მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ: ა) შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს; ბ) ცოლს ორსულობის პერიოდში და ბავშვის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში. შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისაგან, სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან;

- დები და ძმები, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი დები ან/და ძმები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი დების ან/და ძმების მიმართ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან;

- შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან ან ერთმანეთისაგან;

- პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან;

- მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები;

-  გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ადრე ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას;

- პირი, რომელიც იმყოფებოდა მუდმივ აღსაზრდელად და სარჩენად, მოვალეა მისცეს სარჩო თავის ფაქტობრივ აღმზრდელს, თუ იგი შრომისუუნაროა, საჭიროებს დახმარებას, მაგრამ მისი მიღება არ შეუძლია თავისი შვილების ან მეუღლისაგან.

- ის პირი, რომელიც მოვალეა ალიმენტი იხადოს, ნებაყოფლობითი წესით იხდის მას. ალიმენტის ნებაყოფლობით გადახდის წესი არ გამორიცხავს ალიმენტის მიმღების უფლებას, ნებისმიერ დროს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ.

 

როგორ განისაზღვრება ალიმენტის გადახდის ოდენობა ?

 

გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.