ბავშვზე ძალადობა, როგორც მორალურად და სამართლებრივად გასაკიცხი ქმედება4562 2018.03.10
ბავშვზე ძალადობა, როგორც მორალურად და სამართლებრივად გასაკიცხი ქმედება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინფორმაციით, 2017 წელსა და 2018 წლის დასაწყისში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დაახლოებით 40 შემთხვევა იყო იდენტიფიცირებული და ტენდენცია წინა წლებთან შედარებით მზარდია.  „OK&CG“ გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ბავშვზე ძალადობა, ძალადობის რა ფორმები არსებობს, ვინ შეიძლება, იყოს მოძალადე, რა ზიანი მოაქვს ბავშვისთვის ძალადობას და ა.შ. 

 

იქამდე, ვიდრე ძალადობის სახეებზე გადავიდოდეთ, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატი, ანა გორდეზიანი განმარტავს, თუ როგორ არის დარეგულირებული კანონით ბავშვთა უფლებები. 

იურისტის თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში კონკრეტული რეგულაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაწერილი არ არის, „აღნიშნული საკითხი ძირითადად დარეგულირებულია გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით. აღნიშნული დოკუმენტით, რომელზეც ჩვენს ქვეყანასაც მოწერილი აქვს ხელი, სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, მიმართონ ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული იყო ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ებყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ. 

 მაგალითად, კონვენციის 34-ე მუხლით, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, დაიცვან ბავშვი ყველა ფორმის სექსუალური ექსპლუატაციისაგან და სექსუალური ცდუნებისაგან. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, ეროვნულ, ორმხრივ და მრავალმხრივ დონეებზე ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა აღკვეთონ: ბავშვის დაყოლიება ან იძულება ნებისმიერ უკანონო სექსუალურ საქმიანობაზე; ბავშვების გამოყენება ექსპლუატაციის მიზნით პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო სექსუალურ პრაქტიკაში; ბავშვების გამოყენება ექსპლუატაციის მიზნით პორნოგრაფიაში და პორნოგრაფიულ მასალებში,“-განმარტავს ანა გორდეზიანი.

 

რა არის ბავშვზე ძალადობა? მოკლედ შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობა ბავშვისთვის მატრავმირებელი ქცევაა. ძალადობას ყოველთვის თან ახლავს პირადი ღირსების შეურაცხყოფა. ის შეიძლება გამოვლინდეს მუქარით, დამცირებით, დაშინებით, პირადი საკუთრების ხელყოფით, საჯარო შეურაცხყოფით, ან სექსუალური ექსპლუატაციით. ჩვეულებრივი ყოფითი საწყენი რეპლიკები და კრიტიკული შენიშვნები სხვა არაფერია, თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგანაც ეს უცილობლად აისახება ვისიმე ემოციურ ან ფიზიკურ მდგომარეობაზე. ცუდი გუნება-განწყობილება ან დაგროვილი გაღიზიანება არავითარ შემთხ¬ვევაში არ ამართლებს მსგავს გამოვლინებებს. 

ძალადობა არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და განვითარებას.

ბავშვის მიმართ ძალადობრივი ქცევა შეიძლება იყოს ერთჯერადი აქტი, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვის ცემა ტირილის შეწყვეტის ან დამორჩილების მიზნით; და ასევე ბავშვთან ურთიერთობის, ქცევის მუდმივი ფორმა, როგორიცაა, მაგალითად, სექსუალური გამოყენება, ზრუნვის არარსებობა, ემოციური ზეწოლა. 
ბავშვის მიმართ ძალადობრივი ქცევის მხოლოდ ერთი მიზეზი არ არსებობს. ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების მიმართ ძალადობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე, რასაზე, ეროვნებაზე ან რელიგიაზე დამოკიდებული არაა. 



ბავშვზე ძალადობის ფორმები?



ფიზიკური ძალადობა _ ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ტკივილს აყენებს ბავშვს და/ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას: დარტყმა, ხელის კვრა, სილის გაწვნა, წამოთაქება, ან სხვა ფიზიკური ზემოქმედება, თუნდაც „აღმზრდელობითი“ მიზნით; 



ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა _ ქცევები, რომელთა მიზანია აკონტროლოს, მართოს ბავშვის მოქმედებები და ემოციები მისი დამორჩილების მიზნით: დამამცირებელი მეტსახელით მიმართვა, მუქარა, ისეთი საქციელის დაბრალება, რომელიც მას არ ჩაუდენია და სხვა. ბავშვზე ძალადობაა მოზრდილთა ჩხუბი ბავშვის თანდასწრებით. ემოციური ძალადობა შეიძლება ვლინდებოდეს ცალკე ან შეიძლება წარმოადგენდეს ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის შემადგენელ ნაწილს; 



სექსუალური ძალადობა _ ბავშვის გამოყენება სექსუალური მიზნებისათვის: სექსუალური მეტყველებით დევნა, ეროტიული ელფერის ალერსი, თვალთვალი, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღება, სექსუალური შინაარსის ფილმების ყურების ან პორნოგრაფიული ჟურნალების დათვალიერების ნებართვა ან ხელშეწყობა, გაუპატიურება ან გაუპატიურების მცდელობა, სასქესო ორგანოების დემონსტრირება, ღია საუბრები სექსზე ბავშვის შოკირების ან მისი ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მიზნით, სისხლის აღრევა (ინცესტი), სხეულით ვაჭრობის იძულება და სხვა. 



უგულებელყოფა _ ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების (საკვები, საცხოვრებელი, ტანსაცმელი, მოვლა, მეთვალყურეობა, ყურადღება, განათლება, სამედიცინო დახმარება და სხვა) რეგულარული დაუკმაყოფილებლობა მშობლის თუ მეურვის მხრიდან, ობიექტური მიზეზების გამო (სიღარიბე, ფსიქიკური დაავადებები, გამოუცდელობა) ან ამგვარი მიზეზების გარეშე. 


ვინ შეიძლება იყოს მოძალადე?


ბავშვები ძალადობას განიცდიან სხვადასხვა პიროვნებებისაგან, ხშირად მოძალადე მშობელია. მცდარია წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს მოძალადე ადამიანები არანორმალურნი ან დანარჩენებისაგან განსხვავებულნი არიან. ხშირად გარემომცველებს არ სურთ იმის დაჯერება, რომ „გარეგნულად ასეთი წესიერი” ადამიანი შეიძლება სასტიკად ეპყრობოდეს ოჯახის წევრებს; მაგრამ ეს მართლაც ასეა - ხშირად მშობლები, რომლებიც რეგულარულად სცემენ თავიანთ შვილს, გარეშეებთან ურთიერთობაში სასიამოვნონი არიან და სხვათაგან არაფრით გამოირჩევიან. მათ ერთი სერიოზული პრობლემა აერთიანებთ - თავიანთი რისხვის კონტროლის უუნარობა. 

ვინ შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი 

ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი, მაგრამ, არსებობს ბავშვების კატეგორია, რომლებიც სასტიკი მოპყრობის „რისკ-ჯგუფს” შეადგენენ. მრავალრიცხოვან გამოკვლევათა თანახმად, რისკის ჯგუფში შედიან ბავშვები, რომელთა დედებიც სისტემატურად განიცდიან ძალადობას, შვილად აყვანილი, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ან „არასასურველი ბავშვები”. ჰიპერაქტიური, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ასევე მიეკუთვნებიან ამ ჯგუფს, რადგან ხშირად აიძულებენ თავიანთ მშობლებს მათი აღზრდის სიძნელეებით გამოწვეული იმედგაცრუებები და სტრესები განიცადონ. 

თვითონ ბავშვები იშვიათად ყვებიან გადატანილი ძალადობის შესახებ. ხშირად მათ არც კი იციან და არც ესმით, რომ მოზრდილები არ უნდა იქცეოდნენ ასე. ბავშვები თავს დამნაშავედ თვლიან, ისინი დაშინებულები არიან, მათ რცხვენიათ, არ იციან, ვის და როგორი სიტყვებით შეუძლიათ უამბონ, ეშინიათ, რომ არავინ დაუჯერებთ. 

რა ზიანი მოაქვს ბავშვზე ძალადობას?

ძალადობა ყოველთვის სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას! 
ბავშვზე ძალადობა შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს, მაგრამ ძალადობა ყოველთვის სერიოზულ ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, განვითარებასა და სოციალიზაციას, ზოგჯერ კი საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს. ძალადობის მყისიერ შედეგებს მიეკუთვნება: 

ფიზიკური დაზიანებები – მოტეხილობა, ჭრილობა, დამწვრობა, სისხლჩაქცევები, ტვინის შერყევა და სხვა. 

მწვავე ფსიქოლოგიური პრობლემები – ჭარბი აგრესია, შიშები, დეპრესიული მდგომარეობა, საკუთარი უმწეობის და არასრულფასოვნების განცდა და სხვა. 

არსებობს მტკიცებულებები, რომ უფროსებში გამოვლენილი მრავალი დაავადება – გულის იშემიური დაავადებები, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების ქრონიკული დაავადებები, სიმსივნე და სხვა – ბავშვობაში გადატანილ ძალადობასთანაა დაკავშირებული. 



ბავშვებს, რომლებიც ძალადობას განიცდიან, ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების დარღვევები აღენიშნებათ. 



დადგენილია, რომ ძალადობის ან ტრავმის ზემოქმედება გავლენას ახდენს განვითარების პროცესში მყოფ ბავშვის ტვინზე. იმ ბავშვების თავის ტვინი, რომლებიც ხშირად განიცდიან სტრესს, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის ან ხანგრძლივი უგულებელყოფის სახით, მთელ თავიანთ რესურსებს გარემოში არსებული საფრთხის დაძლევასა და გადარჩენაზე ხარჯავენ. 

ბავშვები, რომლებიც ძალადობას განიცდიან, ხშირად ჩამორჩებიან თანატოლებს სიმაღლით, წონით ან ორივე მაჩვენებლით ერთდროულად. ისინი უფრო გვიან იწყებენ სიარულს, ლაპარაკს, იშვიათად იცინიან, ცუდად სწავლობენ. ასეთ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ენურეზი (შარდის შეუკავებლობა), მეტყველების პრობლემები, მავნე ჩვევები (თითების წოვა, ფრჩხილების კვნეტა და სხვა). 

ძალადობაგანცდილი ბავშვი მუდმივი სტრესის მდგომარეობაში იმყოფება, და თუ დახმარების გარეშე დავტოვებთ, უკვე მოზრდილ ცხოვრებაში ეს მასში სერიოზულ პიროვნულ გადახრებს, შეუქცევად ფსიქოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს. 



ბავშვზე ძალადობის სოციალური და ეკონომიკური შედეგები 



ბავშვზე ძალადობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე, ასევე ოჯახებსა და საზოგადოებაზე. ძალადობაგანცდილ ბავშვებს დარღვეული აქვთ კავშირი უფროსებთან, არ აქვთ თანატოლებთან ურთიერთობის უნარი, მწირი ცოდნისა და საჭირო უნარების ნაკლებობის გამო ვერ ახერხებენ ავტორიტეტის მოპოვებას სკოლაში და საზოგადოებაში, ზოგჯერ აღიარებას კრიმინალურ და ასოციალურ გარემოში პოულობენ; აღენიშნებათ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიმართ ლტოლვა. ზრდასრულ ასაკში, ოჯახის შექმნისას, შესაძლოა სერიოზულმა სირთულეებმა იჩინოს თავი. 

ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებები ხშირად ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს, რაც ოჯახს ფინანსურად მძიმე ტვირთად აწვება. ფსიქოლოგიური პრობლემები და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის სირთულეები, რომლებიც აღენიშნებათ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ეკონომიკურ პრობლემას უქმნის მათ ზრდასრულ ასაკში.