შპს - ყველაზე გავრცელებული ფორმა  სამეწარმეო საქმიანობისთვის37338 2018.03.22
შპს - ყველაზე გავრცელებული ფორმა სამეწარმეო საქმიანობისთვის

 ბიზნეს საქმიანობის დაწყება და საკუთარი შემოსავლის ამ სფეროთი გაზრდა თითქმის ყველა ადამიანს უნდა. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ამ სფეროში ფეხის შედგმა მხოლოდ სურვილი არ არის და მის წარმატებით განხორციელებას რიგი საკითხების სწორად დაგეგმვა-გადაწყვეტა სჭირდება. ამ გასათვალისწინებელ საკითხებს შორის კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქმე სამართლებრივად გამართული და დახვეწილი იყოს. ვიცოდეთ, რა დოკუმენტების შეგროვება დაგვჭირდება, რა სამართლებრივი პროცედურები უნდა გავიაროთ და ა.შ.

 

 საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს მომსახურების ერთ-ერთი მიმართულება სწორედ  სამეწარმეო სამართლის დარგია და სხვადასხვა ბიზნენის დამწყებ თუ უკე არსებულ კომპანიებს სრულყოფილ მომსახურებას სთავაზობს.  როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს ბევრი მიმართულებით სჭირდებათ იურისტის დახმარება. აუცილებელი არ არის, რაიმე სამართლებრივი პრობლემა შეექმნათ - იმისთვის, რომ მეწარმეებმა თავი აარიდონ სხვადასხვა პრობლემას, უმჯობესია, თავიანთი საქმიანობა იურისტებთან ერთად განახორციელონ“.   

 

 

თუ  გსურთ, სამეწარმეო საქმიანობა დაიწყოთ, პირველ ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რა სამართლებრივ ფორმებს გთავაზობთ მოქმედი კანონმდებლობა ბიზნესის დაწყებისთვის.  საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისთვის რამდენიმე სამართლებრივი ფორმა არსებობს; ესენია: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი.

 

როგორც  საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატი, ანა გორდეზიანი განმარტავს, ჩამოთვლითაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა (აბრევიატურა შპს). რატომ? იურისტის თქმით, ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული:

 

  1. მისი რეგისტრაცია მარტივია და შესაძლებელია დაფუძნდეს როგორც რამდენიმე, ისე მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ, ამ შემთხვევაში კომპანიის დამფუძნებელი/პარტნიორი და დირექტორი/ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი  უფლებამოსილების მქონე პირი ერთი და იგივეა. (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოებისა და  კოოპერატივის რეგისტრაციისათვის აუცილებელია სულ მცირე 2 დამფუძნებლის არსებობა);
  2. პარტნიორი/დამფუძნებელი კრედიტორების წინაშე პასუხს თავისი ქონებით არ აგებს, სწორედ აქედან გამომდინარეობს სახელწოდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ვინაიდან პასუხისმგებლობა შეზღუდულია მხოლოდ შპს-ს ქონებით განსხვავებით მეწარმე სუბიექტების სხვა სამართლებრივი ფორმებისა (ინდივიდუალური მეწარმე სრულად მთელი თავისი ქონებით არის პასუხისმგებელი აღებული ვალდებულებებისათვის, ისევე როგორც სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებლები);
  3. შპს-ს რეგისტრაციისათვის არ მოითხოვება საწესდებო კაპიტალის არსებობა;
  4. კანონმდებელი დამფუძნებელს ანიჭებს უფლებამოსილებას, რომ თავად განსაზღვროს წესდებით მმართველობის ფორმა, მმართველი ორგანო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

 

უფრო ვრცლად შპს-ს შესახებ...

 

 შპს არის იურიდიულ პირს და ის როგორც დამოუკიდებელი უფლებებისა და ვალდებულებების მქონე, აუცილებელია, დარეგისტრირდეს სამეწარმეო რეესტრში, ვინაიდან, რეგისტრაციამდე განხორციელებული მოქმედება არ ითვლება საზოგადოების მიერ განხორციელებულად და მის შედეგებზე ამ მოქმედების განმახორციელებელი პირები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად მთელი თავიანთი ქონებით.

 

როგორ ხდება შპს-სრეგისტრაცია?

 

შპს-ს რეგისტრაციისათვის აუცილებელია, მოქალაქეებმა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (იუსტიციის სახლს), რომელიც მეწარმეთა და არასამეწრმეო იურიდიულ პირთა რეესტრში ახდენს შპს-ს სარეგისტრაციო მონაცემების ასახვას. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემები და დაცული დოკუმენტაცია საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული სახით.

 

რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია

  • - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • - ყველა პარტნიორის/დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული შეთანხმება/წესდება;
  • - იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი რეგისტრირდება პარტნიორის/დამფუძნებლის, ხელმძღვანელის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მისამართისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული პირების საკუთრებას, დამატებით აუცილებელია მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოთ აღნიშნულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული ხელშეკრულება ამ ნივთით სარგებლობის შესახებ (იჯარის, ქირავნობის, თხოვებისა ან სხვა);
  • - იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იმავდროულად არ არის საზოგადოების დამფუძნებელი, შპს-ს რეგისტრაციისათვის აუცილებელია სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული მისი წერილობითი თანხმობა ხელმძღვანელ პირად დანიშვნის თაობაზე.

შესაძლებელია თუ არა და როგორ ხდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ლიკვიდაცია?

შპს-ს ლიკვიდაცია ორ ეტაპად მიმდინარეობს:

 

  1. პარტნიორები/დამფუძნებლები იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, არსებული კრედიტორების და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადების შესახებ, აუცილებელია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ და შემოსავლების სამსახურს უგზავნის შესაბამის შეტყობინებას, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს მარეგისტრირებელ ორგანოს აქვს თუ არა შპს-ს საგადასახადო ვალდებულებები ან მათი არსებობის რისკი. ასეთი რისკის არ არსებობის შემთხვევაში.

 

  1. პარტნიორები ახალი გადაწყვეტილებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს და ითხოვენ რეგისტრაციის გაუქმებას/ლიკვიდაციას, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადებში იღებს გადაწყვეტილებას შპს-ს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 

 

რა საქმიანობას შეიძლება,ეწეოდეს შპს?

 

შპს-ს შეუძლია, განახორციელოს ნებისმიერი კანონით აუკრძალავი საქმიანობა, თუმცა, არსებობს საქმიანობის სახეები, რომელთა განსახორციელებლად აუცილებელია, შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, რომლის მოპოვება აუცილებელი წინაპირობაა ამ საქმიანობის განსახორციელებლად.

 

არის თუ არა შპს ვალდებული,გაიდახადოს გადასახადები?

 

ხშირად ჩნდება კითხვები შპს-ს გადასახადებთან დაკავშირებით. ყოვეთვიურად შპს იხდის დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადს მათთვის გაცემული ხელფასების შესაბამისად. წლის ბოლოს ადგენს წლიურ ბალანს შემოსავლისა და ხარჯის მიხედვით და თუ შემოსავალი აღემატება ხარჯებს მათი სხვაობიდან 20% წარმომადგენს მოგების გადასახადს. ამასთანავე თუ შპს-ს წლიური ბრუნვა 10 0000 ლარს გადააჭარბებს, შპს რეგისტრირდება დღგ-ს გადამხდელად  და ვალდებულია, ყოველთვიურად გადაიხადოს შესაბამისი დღგ-ს გადასახადი.