ანა გორდეზიანი: „უმჯობესია, „სი ტი პარკის“ ჯარიმები 10 აპრილამდე გადაიხადოთ“3328 2018.03.22
ანა გორდეზიანი: „უმჯობესია, „სი ტი პარკის“ ჯარიმები 10 აპრილამდე გადაიხადოთ“

  მიმდინარე წლის 10 აპრილიდან თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს, კონტრაქტის გაუქმების დღიდან პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე კი „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

 

 თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია  შესაბამის სამუშაოებს კეთილსინდისიერად განახორციელებს    ჯარიმების გზით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული.

 

„სიტი პარკის“ წასვლის შემდეგ, თბილისში საპარკინგე სისტემის რეგულირების ახალი მოდელი შეიქმნება. საზოგადოების ნაწილს კი გაუჩნდა შეკითხვა, თუ რა ბედი ეწევა 10 აპრილამდე გამოწერილ ჯარიმებს და იმოქმედებს თუ არა მასზე „სიტი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სამართლებრივ დეტალებს საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს იურისტი, ანა გორდეზიანი განგვიმარტავს.

 

 როგორც ადვოკატი განმარტავს, თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო პარკირების წესების დარღვევის შესახებ რეგულაციებს ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე სეკუნდა მუხლი, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება იმას, მოუწევთ თუ არა მოქალაქეებს „სიტი პარკის“ მიერ აქამდე გამოწერილი ჯარიმების გადახდა;

პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა, მისი ოდენობა და აღსრულების წესი გათვალისწინებულია საქართველოს კანონით და იგი არ წარმოადგენს შპს „სი-ტი პარკის“ მიერ დაწესებულ რეგულაციებს. „შპს „სი-ტი პარკი“ წარმოადგენს თბილისში პარკირების წესების მაკონტროლებელ უფლებამოსილ პირს, რომელსაც ადმინისტრაციული უფლებამოსილება დელეგირებული აქვს თვითმმართველი ერთეულისაგან - ქ. თბილისის მერიისაგან. აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების საფუძველს წარმოადგენს ქ. თბილისის მერიასა და შპს „სი-ტი პარკს“ შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების 10 აპრილიდან შეწყვეტა, არ გულისხმობს პარკირების წესების დარღვევის მარეგულირებელი ნორმების მოქმედების შეწყვეტას ან ცვლილებას,“ - განმარტავს ანა გორდეზიანი.

ასეთ ვითარებაში, ის უფლებამოსილება, რომელიც სი-ტი პარკს დელეგირებული ჰქონდა ქ. თბილისის მერიისაგან, „დაუბრუნდება“ კვლავ ქალაქის მერიას, შესაბამისად, 10 აპრილამდე გამოწერილი ჯარიმების აღსრულების პროცესში ქ. თბილისის მერია (ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის სახით) დაიკავებს შპს „სი ტი პარკის“ ადგილს და იქნება მისი უფლებამონაცვლე.  

 აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებშიც კი თუ ქ. თბილისის მერია სი-ტი პარკის შემდგომ ხელშეკრულებას გააფორმებს ახალ კომპანიასთან, პარკირების წესების დარღვევაზე არსებული რეგულაციები და ჯარიმის ოდენობა დარჩება იგივე, ვინაიდან, ეს საკითხი რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და მასში ცვლილებების შეტანის კომპეტენცია გააჩნია მხოლოდ საქართველოს პარლამენტს.

 ამდენად, იურისტები გირჩევენ, რომ „თუ თქვენს მიმართ შპს „სი-ტი პარკს“ პარკირების წესების დარღვევისათვის გამოწერილი აქვს ჯარიმა, უმჯობესია, გადაიხადოთ კანონით გათვალისწინებული წესითა და ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში 10 აპრილის შემდგომ თქვენ იმავე წესით დაგერიცხებათ საურავი როგორც ეს აქამდე ხდებოდა“.