უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელიც ბრალდებულის ინტერესების დაცვას ემსახურება. მის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია არამარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, არამედ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით. მართალია, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი სხვადასხვა ნორმატიული აქტით არის განმტკიცებული, თუმცა რამდენად ქმედითია ეს პრინციპი ქართულ რეალობაში, ეს სხვა საკითხია. ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები, როცა მედიასაშუალებებში გაშუქებული ესა თუ ის სისხლისსამართლებრივი დანაშაული სწორედ ზემოხსენებული პრინციპის დარღვევით გხვდება, რაც მუდამ კკრიტიკის საგანი ხდება. უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევებად გვევლინებიან ჟურნალისტები, კონკრეტული საქმის მხარეები, პოლიტიკოსები და ა.შ. ეს ქმედება დაუსაბუთებლად ხელყოფს ბრალდებულის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს, მათ შორის, საკმარისია პირის დაკავება ან დაპატიმრება და ის მაშინვე ცხადდება „დამნაშავედ“, ხოლო წინასწარი გამოძიების მონაცემები მიჩნეულია, როგორც საბოლოო.
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატი ქეთევან ქავთარაძე განგვიმარტავს, თუ რას ნიშნავს, რაში მდგომარეობს და რატომ უნდა დაიცვან ადამიანებმაუდანაშაულობის პრეზუმფცია.
იურისტის თქმით, უდანაშაულობის პრეზუმფცია მდგომარეობს იმაში, რომ როგორი აშკარაც არ უნდა იყოს პირის მონაწილეობა დანშაულის ჩადენაში, ეს არ არის საკმარისი საფუძველი მისი დამნაშავე გამოცხადებისათვის, ვინაიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე უცნობია დანაშაულის ჩადენის მოტივი, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის როლი დანაშაულის ჩადენაში და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.
რაში მდგომარეობს უდანაშაულობის პრეზუმფციის არსი?
უდანაშაულობის პრეზუმფციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთანავე, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს (პროკურორს). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაკავშირებულია პირის უფლებათან მისი საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის თაობაზე.
როდემდე მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია ?
უდანაშაულობის პრეზუმფციის მოთხოვნა გასათვალისწინებელია როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე საქმის სასამართლო განხილვის დროს. მოცემული პრინციპი სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სისხლის სამართალმწარმოებელ ორგანოებს ისეთი განცხადებებისაგან თავის შეკავების ვალდებულებას აკისრებს, რომლებიც ისეთ წარმოდგენას ქმნიან, თითქოს პირის ბრალეულობა უკვე დადგენილია.
იურისტის განმარტებით, უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც უმნიშვნელოვანესი საპროცესო გარანტია, ეფუძნება აგრეთვე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების მიზანი ჯერ კიდევ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაშია გამოხატული.
აღსანიშნავია, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ (in dubio pro reo). In dubio pro reo-ს პრინციპი მოქმედებს მაშინ, როდესაც სასამართლო ვარაუდობს და დარწმუნებული არ არის ბრალდებულის დამნაშავეობაში.
დაბოლოს, აღნიშნული პრინციპის შინაარსი არ უნდა იყოს იმგვარად გაგებული, თითქოს ბრალდებული ყოველთვის უნდა გამართლდეს, როცა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მის ბრალეულობასთან დაკავშირებით ეჭვი უნდა გასჩენოდა.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა