ვინ არ არის ვალდებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს?!3996 2018.04.17
ვინ არ არის ვალდებული, საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს?!

მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებით, ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით, 487 822.5 ათასი ლარი შევიდა. 
ცნობისთვის, საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება აქვს, რეზიდენტ ფიზიკურ პირს ანუ პირს, რომელიც ფაქტობრივად, იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში და არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, რომელიც შემოსავალს საქართველოში არსებული გადახდის წყაროდან იღებს.

რაც შეეხება საშემოსავლო გადახადის განაკვეთს, რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლები, რომლებიც საქართველოში არსებულ გადახდის წყაროსთან დაბეგვრას არ ექვემდებარება - 20 პროცენტით; გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლები კი შემდეგი განაკვეთით იბეგრება: ხელფასი -20 %; დივიდენდები – 5%; პროცენტები – 5 % და როიალტი (გადასახადი, რომელსაც პირი იხდის კონკრეტული ფასეულობის დროებით გამოყენებისათვის) - 20%.

თუმცა, საგადასახადო კოდექსის თანახმად, ზოგიერთი ფიზიკური პირი საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებულია. 

კერძოდ, საუბარია ფიზიკურ პირებზე, რომელთა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდეა თუ ეს პირი არის: მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქე; პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება; მარტოხელა დედა; პირი, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში); პირი, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი. ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3 000 ლარამდე. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ, ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება.

გარდა ამისა, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება - ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე; იმ პირის 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, რომელმაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

ასევე, საშემოსავლო გადასახადს არ იხდის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირი, რომლის დასაბეგრი შემოსავალიც მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით 6000 ლარამდე იყო, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.


წყარო: bpn.ge