რა დაგჭირდებათ მშენებლობის ნებართვის ასაღებად?2548 2018.04.24
რა დაგჭირდებათ მშენებლობის ნებართვის ასაღებად?

ხშირად მოქალაქეებს სურთ მშენებლობის ნებართვის მიღება, თუმცა არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი, რომელ ორგანოს უნდა მიმართონ, რა პროცედურების დაცვით ხორციელდება ნებართვის გაცემა და ა.შ. მოქალაქეთა უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ უკანონო მშენებლობა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას, ხოლო მისი გადახდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააყენებს სამართალდამრღვევს.

 

თუმცა, „OK&CG“-ს იურისტებს თუ დავუჯერებთ,  არის საკითხები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია.  კომპანიის იურისტების განმარტებით, მშენებლობა მოიცავს ახალ მშენებლობას, რეკონსტრუქციას, რემონტს, დემონტაჟს, ლანდშაფტურ მშენებლობას, დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟს/განთავსებას.

 

მშენებლობის ნებართვის გაცემა მოიცავს რამდენიმე სტადიას, რომელიც დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი კლასის ნაგებობის მშენებლობა უნდა განხორციელდეს.

 

ზოგადი წესის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის თქვენ უნდა მიმართოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - ქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურს. მხოლოდ მე-5 კლასის მშენებლობის ნებართვას გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

 

მშენებლობის ნებართვის ასაღებად პირველ ყოვლისა, თქვენ უნდა წარადგინოთ განცხადება იმისათვის, რომ მოხდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. განცხადებას თან უნდა დაერთოს სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია მათ შორის:

 

  • მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა,
  • მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა,
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის კვლევის შედეგები,
  • არქეოლოგიური კვლევის შედეგები,
  • მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა,
  • მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი ფოტო მასალა, განმცხადებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. 
  •  

განცხადების მეორე ეტაპზე ხდება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება. განცხადებას თან უნდა დაერთოს ისეთი დოკუმენტები როგორიცაა:

 

  • სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,
  • განმცხადებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები ,
  • არქიტექტურული პროექტი  და სხვა
     

მითითებული დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ  ხორციელდება მშენებლობის ნებართვის გაცემა, ხოლო ასეთი ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს გაასაჩივროს მიღებული უარის (აქტის) კანონიერება.