რა შემთხვევაში არ ჩაითვლება თქვენი ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ? 4366 2018.06.04
რა შემთხვევაში არ ჩაითვლება თქვენი ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ?

 იურიდიულ კომპანია „OK&CG“-ს მოქალაქეები ხშირად აკითხავენ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე ინფორმაციისა და იურიდიული მომსახურების გაწევის თხოვნით; ხშირია შეკითხვები სამოქალაქო, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის მიმართულებით. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საზოგადოებაში აქტუალურია, არის ის, თუ  რა შემთხვევაში შეიძლება, არ იყოს მართლსაწინააღმდეგო?

 

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატის, ქეთევან ქავთარაძის განმარტებით, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აღნიშნულ ნორმას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი აწესრიგებს.

 

 „მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც პირს იარაღს უმიზნებენ მოსაკლავად და თავისი სიცოცხლის გადასარჩენად იძულებული გახდება ხელმყოფს დაუზიანოს ჯანმრთელობა ან მისი დაპირისპირების შესაბამისად მოუსპოს კიდეც სიცოცხლე,“-განმარტავს იურისტი.

 

როგორც ადვოკატო განმარტავს, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს, იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

 

ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით წართმეული ქონების ან სხვა სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად მართლზომიერია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე და თუ მისი დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან. თუ პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან მისი ქონების დაცვა, გადარჩენა შესაძლებელია აღნიშნულისთვის სათანადო ფარგლებით, რაც შესაბამისობაშია თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან, სახეზე არ გვექნება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება. მაგალითად, როდესაც პირმა იცის, რომ სათამაშო იარაღით ემუქრებიან და ხელმყოფს თავში ჩაარტყამს მძიმე საგანს, შესაძლოა დავასაბუთოთ, რომ ამ შემთხვევაში დამცველმა გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.

 

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ხელისუფლების ორგანოში წარსადგენად შეიპყრობს დამნაშავეს საამისოდ აუცილებელი ზომის გადაუცილებლად. შესაბამისად შეპყრობის ფარგლები არის ის, რაც განმსაზღვრელია მართლსწინააღმდეგოდ მოქმედებისათვის.

დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილება ნიშნავს ამ ზომის აშკარა შეუსაბამობას შესაპყრობი პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და შეპყრობის გარემოებებთან.

 

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე. მაგალითისთვის, თუ ქურდი შეეცდება პირს მოპაროს ხელჩანთა, რისთვისაც ჩანთის მეპატრონე ქურდს ჯანმრთელობის ისეთ დაზიანებას მიაყენებს, რომ ქურდი გარდაიცვლება. ამ შემთხვევაში ქონებრივი სარგებელი დაუშვებელია დავაყენოთ სიცოცხლეზე მაღლა.