რა შემთვევაში ითვლება არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება ნამდვილად?3445 2018.06.06
რა შემთვევაში ითვლება არასრულწლოვნის მიერ დადებული ხელშეკრულება ნამდვილად?

 საქართველოს კანონმდებლობით, სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს.  არასრულწლოვანი 7-დან 18 წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა, რაც გულისხმობს იმას, რომ არასრულწლოვნის ნების გამოვლენა და მის მიერ გარიგებების/ხელშეკრულებების დადება დაკავშირებულია გარკვეულ შეზღუდვებთან.

 

 კანონმდებლობა არასრულწლოვნის მიერ დადებულ ხელშეკრულებას მერყევ გარიგებათა კატეგორიას აკუთვნებს. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელს.

 

 კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა შეიძლება, იყოს როგორც წინასწარი (ნებართვა), ასევე შემდგომი (მოწონება).

 

თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს სარგებელს. სარგებელში მხოლოდ უფლებრივი სარგებელი მოიაზრება - არასრულწლოვანს უნდა ენიჭებოდეს უფლებები და არ უნდა ეკისრებოდეს მოვალეობები (მაგალითად, ჩუქების ხელშეკრულება).

 

თუ მეორე მხარემ იცოდა პირის არასრულწლოვანების შესახებ, მაშინ მას უარის თქმა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანი მას ატყუებდა, რომ წარმომადგენლისაგან მიღებული აქვს თანხმობა.

 

ზემოაღნიშნულის გარდა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია კიდევ ერთი გამონაკლისი, რომელიც არასრულწლოვანს მშობლის თანხმობის გარეშე აძლევს ხელშეკრულების დადების უფლებას, კერძოდ, საუბარია ე.წ. ,,წვრილმან ყოფით გარიგებებსა“ და ,,ჯიბის ფულის“ განკარგვაზე.

 

ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან – ამ წარმომადგენლების თანხმობით – მესამე პირებმა ამ მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით.

 

ამასთანავე, თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება. ეს წესი გამოიყენება როგორც საწარმოს დაფუძნების, ასევე ლიკვიდაციისა და შრომითი ურთიერთობების დაწყების ან დამთავრების მიმართაც.