მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა რომ ქმედუნარიან პირსაც შეუძლია და ქმედუუნაროსაც, ეს ფაქტია. თუმცა, მაშინ როდესაც ბრალის შეფასება ხდება, გასათვალისწინებელია გარემოება - ბატონობდა თუ არა პირი თავის ნებაზე; ასეთ გარემოებას სამართლის ენაში შერაცხადობა ეწოდება და ჩაითვლება როგორც ბრალის გამომრიცხველი გარემოება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, შეურაცხაობა თავის თავში მოიცავს ორ შემთხვევას: შეურაცხაობა ასაკის გამო და შეურაცხაობა ფსიქიკური მდგომარეობის გამო.
როგორც საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს იურისტები განმარტავენ, ასაკის გამო შეურაცხაობა ეხება პირს, რომელსაც არ შესრულებია 14 წელი. „სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი. ამდენად თოთხმეტ წლამდე პირი ჩადენილი დანაშაულისთვის არ აგებს სისხლის სამართლის წესით პასუხს შეურაცხაობის გამო,“-განმარტავს იურისტი ქეთევან ქავთარაძე.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას; სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის სისხლის სამართლის წესით პასუხს არ აგებს ის, ვინც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.
ადვოკატ ქეთევან ქავთარაძის განმარტებით, თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ იგი ფსიქიკურად დაავადდა განაჩენის გამოტანამდე, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას, პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე მოიხდის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. როცა შეცდომა მისატევებელი არ არის, პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის, თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი ზიანისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც მართლსაწინააღმდეგო ბრძანება ან განკარგულება გასცა.
იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულებრივ ბრძანებას ან განკარგულებას პირი წინასწარ გააზრებულად და წინასწარი შეცნობით ასრულებს პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო წესით, თუ არ არსებობს მის მიმართ ბრალის გამომრიცხველი სხვა გარემოება.
ბრალეულად არ მოქმედებს ის, ვინც საქართევლოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების არაბრალეულობის პირობებს.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა