გისმენენ? ფარული საგამოძიებო მოქმედებები...3958 2018.07.03
გისმენენ? ფარული საგამოძიებო მოქმედებები...

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა;  (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან), საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი, ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება, ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.

 

  ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, მოსამართლის და იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ჩასატარებელი ფარული საგამოძიებო მოქმედებისა, რაც შეიძლება ჩატარდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.

 

  ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულების,  პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში  სექსუალური ხასიათის შეღწევის, გარყვნილი ქმედების,  პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება და სხვა.

 

  ფარული საგამოძიებო მოქმედება შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარება გათვალისწინებულია ამ კოდექსით და ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

 

არსებითი მნიშვნელობის მქონეა თავად ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლები, რაც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების (ინტენსივობა) ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს.

 

სასამართლოს განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც.

 

  პირი, რომლისთვისაც საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება გაასაჩივროს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში.