დღეს საქართველოში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ხდებიან თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების მსხვერპლნი. მოქალაქეები ხშირად მოგვმართავენ კითხვით, როგორ უნდა მიხვდნენ, თუ რა ტიპის გარიგება შეიძლება, ჩაითვალოს თვალთმაქცურად ან მოჩვენებითად და რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ასეთ გარიგებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეების მხრიდან ხშირად დასმულ კითხვებს საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატი, ანა გორდეზიანი უპასუხებს.
რას ნიშნავს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება?
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოჩვენებითი და ბათილია ისეთი გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.
ხოლო, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, ეს უკვე მიიჩნევა თვალთმაქცურ გარიგებად. თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობას და განსხვავდება იმით, რომ გარიგების მონაწილეებს რეალურად მისი განხორციელება სურთ.
როგორია სასამართლოს პრაქტიკა მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებასთან მიმართებით?
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკით გარიგება შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოჩვენებითად ან თვალთმაქცურად თუ არ არსებობდა გარიგების მონაწილეთა ნება (სურვილი) გარიგებაში გამოხატული იურიდიული შედეგის დადგომის მიმართ.
რა განსხვავებაა მათ შორის?
განსხავება მათ შორის ისაა, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, ხოლო თვალთმაქცური გარიგების დროს გარიგების მონაწილეთა ნებას (სურვილს) წარმოადგენს დაფარონ სხვა გარიგება. მხარეების სურვილი მიმართული უნდა იყოს დაფარული გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისაკენ ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად.
პრაქტიკის თანახმად, რა მიზნით მიმართავენ ხოლმე მოჩვენებითსა და თვალთმაქცური გარიგებას?
ამასთან, როგორც წესი, როგორც მოჩვენებითი ისე თვალთმაქცური გარიგება გამოიყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად, ასევე მითითებულ შემთხვევაში, შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
კონკრეტული მაგალითი რომ გვითხრათ?
დღესდღეობით ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე იძულებითი აღსრულებისგან თავის არიდების მიზნით ფორმალურად აფორმებენ სხვა პირზე ან ოჯახის წევრზე მათ საკუთრებაში არსებულ ქონებებს. ასეთი გარიგებები მუდმივ რისკთანაა დაკავშირებული და მათი ნამდვილი სამართლებრივი ბუნება დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეებს უფლება აქვთ, სასამართლოსთვის მიმართვის გზით მოითხოვონ იმ გარიგების ბათილობა, რომლითაც გამსხვისებელმა ქონება სხვა პირს ფორმალურად გადასცა მათ წინაშე არსებული ვალდებულებების თავის არიდების მიზნით.
თუმცა, გასათვალისიწინებელია ის გარემოება, რომ მტკიცების ტვირთი როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში აწევს იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები.
ვის აკისრია მოჩვენებითი გარიგებების დროს მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი?
სასამართლო პრაქტიკის მიხედვით მოჩვენებითი გარიგებების დროს მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტკიცების ტვირთი აკისრია მას, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა