რისი დაყადაღების უფლება არ აქვს აღმასრულებელს?!3924 2018.09.22
რისი დაყადაღების უფლება არ აქვს აღმასრულებელს?!

 მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, იძულებითი აღსრულების მიზნებისათვის შესაძლებელია, ყადაღა დაედოს მის უძრავ თუ მოძრავ ქონებას. ყადაღის დადება ნიშნავს მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების აკრძალვას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყადაღის დადება მესაკუთრისთვის ყოველთვის დაკავშირებულია უარყოფით შედეგთან, რადგან მას ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული ქონების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა.

 
უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისა და შემდგომში მისი რეალიზაციის გზით იძულებითი აღსრულება შესაძლებელია, მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია მოვალე.

რაც შეეხება მოძრავ ნივთებს, ყადაღას ექვემდებარება ყველა ნივთი, გარდა კანონით გათვალისწინებულისა. ამასთანავე, იგულისხმება, რომ ნივთები, რომელებიც იმყოფებიან მოვალის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე, წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

  ნივთები, რომლებზეც, კანონის თანახმად, ყადაღის დადება დაუშვებელია :

 

(1) სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარება, მათ შორის, საარსებო შემწეობა;

 

(2) იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ნივთებისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაუშვებელია, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის ქონებაზე ყადაღის დადება, გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც მათ მიერ დატვირთულია გირავნობით;

 

(3) პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის, თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის;

(4) მოვალის, მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისათვის ოთხი კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებები, ან თუ დროის ამ მონაკვეთისათვის ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა სხვა გზით არ არის შესაძლებელი, მაშინ მათ შესაძენად საჭირო თანხა;
 

(5) წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ასევე ერთი მეწველი ძროხა, ან მოვალის არჩევანით - ორი ღორი, ცხვარი ან თხა, თუ ისინი აუცილებელია მოვალის, მისი ოჯახის ან მასთან ერთად მცხოვრები პირების გამოსაკვებად; ასევე, სამი თვის სამყოფი პირუტყვის საკვების და ნამჯის მარაგი, ან თუ ამგვარი მარაგი არ არსებობს და მათი შეძენა ამ დროისათვის სხვა გზით არ არის უზრუნველყოფილი, მათ შესაძენად საჭირო ფულადი თანხა;
 

(6) პირებისათვის, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ, სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ხელსაწყო-იარაღები, პირუტყვი, სასუქი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რამდენადაც ისინი საჭიროა მოვალის, მისი ოჯახის და დაქირავებული მუშების შესანახად, ან მომავალი მოსავლის აღებამდე იგივე ანდა მსგავსი პროდუქცია მეურნეობის შემდგომი წარმართვისათვის;

 

(7) პირებისათვის, რომლებიც შემოსავალს იღებენ თავიანთი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით ან სხვა საქმიანობით, ასეთი საქმიანობისათვის საჭირო ნივთები.

 

 აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონდებლობით ყადაღისგან განთავისუფლება ეხება საარსებო მინიმუმზე ნაკლებ შემოსავალს. საარსებო მინიმუმის ოდენობას განსაზღვრავს სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით საარსებო მინიმუმის ოდენობა 173.50 ლარს შეადგენდა.

 ვალდებულების იძულებითი აღსრულების მიზნით შესაძლებელია, განხორციელდეს შრომითი ანაზღაურებიდან (ხელფასიდან) თანხის დაქვითვა. მიუხედავად ამისა, აღმასრულებელს არ აქვს უფლება, მოვალეს ხელფასიდან ერთჯერადად დაუქვითოს თანხა შრომითი ანაზღაურების 50%-ზე მეტი ოდენობით.

დავას ქონების გადახდევინებისგან გათავისუფლების თაობაზე წყვეტს სასამართლო.