როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი თქვენი საავტორო უფლებები დაარღვიეს?4035 2018.10.03
როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი თქვენი საავტორო უფლებები დაარღვიეს?

საავტორო უფლება- ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება, რომელიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას.

რა არის საავტორო უფლება?

რა არის მომიჯნავე უფლება?

რაზე ვრცელდება საავტორო უფლება?

რაზე ვრცელდება მომიჯნავე უფლება?

როდის წარმოიშობა საავტორო უფლება?

როდის წარმოიშობა მომიჯნავე უფლება?

 

ამ და სხვა კითხვებთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის იურისტები განგვიმარტავენ:

 საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონი იცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს. იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რა უფლებები არის დაცული აღნიშნული კანონით, აუცილებელია, განვმარტოთ თითოეული მათგანი.

  1. საავტორო უფლებების დაცვის ობიექტია იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას. სხვაგვარად რომ ვთქვათ საავტორო უფლებები იცავს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებსა და მათი ავტორების უფლებებს ამ ნაწარმოებებთან მიმართებაში;
  2. მომიჯნავე უფლებების დაცვის ობიექტია ფონოგრამა, ვიდეოგრამა, საკაბელო და საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციების გადაცემები და შესრულება;

 საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს შეუძლიათ, შექმნან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ორგანიზაცია, რომლის მთავარი ფუნქციაა საავტორო ან/და მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენებისათვის ავტორთა სახელით ლიცენზიების მოსარგებლეებზე გაცემა, შესაბამისი ტარიფების დადგენა, მოსარგეებლეებიდან მიღებული ჰონორარის შეგროვება და შემდგომ მისი საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელისათვის გადაცემა. ასეთ ორგანიზაციას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები სხვა ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან, შესაბამისად აღნიშნული თანამშრომლობიდან გამომდინარე შესაძლებელია როგორც საქართველოში აღებული ჰონორარის უცხოელი ავტორებისათვის გადაცემა, ასევე ქართველი ავტორებისათვის მათი ნაწარმოებების გამოყენებით უცხოეთში მიღებული ჰონორარის  ქართველი ავტორებისათვის გადმოცემა.

როგორც ქართველ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებთან ასევე უცხოეთში ანალოგიურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებები კოლექტიური მართვის ორგანიზაციას ანიჭებენ უფლებამოსილებას მოსარგებლეების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სასამართლოს წინაშე წარმოადგინონ და დაიცვან ავტორთა და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების ინტერესები.

ასეთ ორგანიზაციას საქართველოში წარმოადგენს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (კოლექტიური მართვის ორგანიზაცია), რომელიც იცავს და წარმოადგენს როგორც ქართველ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებთა ინტერესებს ასევე უცხოელ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ინტერესებს ანალოგიურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.

ნებისმიერი პირი, რომელიც არის საავტორო და მომიჯნავე უფლებით მოსარგებლე პირი ვალდებულია მოიპოვოს შესაბამისი ლიცენზია და გადაიხადოს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ დადგენილი მოსაკრებელი, რომელიც საბოლოოდ ჰონორარის სახით გადაეცემა იმ საავტორო თუ მომიჯნავე უფლების მფლობელს, რომლითაც სარგებლობს კონკრეტული პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში  საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და დაიცვას ავტორის ინტერესები.

ამდენად თუ გადაწყვეტთ, რომ გამოიყენოთ ნაწარმოები, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მუსიკა, ხმის ჩანაწერი, ვიდეო რგოლი თუ ნებისმიერი სხვა ნაწარმოები რომლის ავტორიც თავად არ ხართ აუცილებელია აღნიშნულზე მოიპოვოთ შესაბამისი უფლებამოსილება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა წარმოიშვას დავა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან.