„ხანდაზმულობის გასვლით მოვალე ვალდებულებისგან თავისუფლდება“11106 2018.11.02
„ხანდაზმულობის გასვლით მოვალე ვალდებულებისგან თავისუფლდება“

  საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს მოქალაქეები ხშირად აკითხავენ მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული კითხვებით. კითხვები ძირითადად იმის ირგვლივ არის, თუ   რა არის ხანდაზმულობა და რა შედეგებს იწვევს მისი ვადის გასვლა?  რა მომენტიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადის დინება? რა სახის მოთხოვნებზე არ ვრცელდება კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვა - ხანდაზმულობის ვადა? რა შეზღუდვას ითვალისწინებს კანონმდებლობა კრედიტორის მოთხოვნის მიმართ?

 

 გაეცანით სტატიას და მიღეთ პასუხები საჭირო კითხვებზე: 
 

 „ხანდაზმულობა“  სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.

 

ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ხანდაზმულობის მიზანი მოვალის დაცვა და დროის გასვლის გამო მტკიცების სირთულეებისგან მისი განთავისუფლებაა. დაცულია ასევე მოვალის ნდობა, რომ მოთხოვნის უფლებები მის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული.

 

საერთო ვადა მოთხოვნის წარდგენისათვის შეადგენს 10 წელს. მოთხოვნის საერთო ვადის დადგენა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის უფლების მიმნიჭებელი გარემოებების შესახებ ცოდნის (ან უხეში გაუფრთხილებლობით — არცოდნის) სუბიექტური კრიტერიუმი არ იწვევდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ფაქტობრივ ხანდაზმულობაუუნარობას. მოთხოვნის დროში შეზღუდვა სამოქალაქო ბრუნვისა და კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა სტაბილურობას ემსახურება.

 

სახელშეკრულებო მოთხოვნებზე სამოქალაქო კოდექის შესაბამისად დადგენილია 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ზოგადია და გამოიყენება ყველა სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის, თუ კანონით სპეციალური ვადა არ არის გათვალისწინებული.

 

ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა ექვსი წლით განისაზღვრება და იგი გამოყენებადია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დადგენის, უფლების გადაცემისა ან გაუქმების მოთხოვნებისთვის.

 

სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები, რომლისთვისაც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ. ყოველ თვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება.

 

სამოქალაქო კოდექსი აგრეთვე ითვალისიწნებს ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას. ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:

ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);

ბ) სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;

გ) კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;

დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

 ხანდაზმულობის ვადები და მათი გამოთვლის წესი ლიტერატურაში შეფასებულია, როგორც იმპერატიული ნორმა, რაც შესაბამის მხარეებს არ აძლევს უფლებას, შეთანხმების გზით ან რაიმე სხვა ფორმით შეცვალონ (გაზარდონ, შეამცირონ) ხანდაზმულობის ვადები ან მათი გამოთვლის წესი.

 

 გასათვალისიწნებელია ის გარემოება, რომ მოთხოვნა მაშინ ითვლება ხანდაზმულად, როდესაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების, შეწყვეტისა და სხვა შემაფერხებელი გარემოებების გარემობების მიუხედავად ხანდაზმულობის შესაბამისი ვადა გასულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა თავად მოთხოვნას არ აუქმებს, ის უბრალოდ მოვალეს შესაძლებლობას აძლევს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე.