როგორ ხდება მშობლის უფლების ჩამორთმევა ან აღდგენა?!11607 2018.12.03
როგორ ხდება მშობლის უფლების ჩამორთმევა ან აღდგენა?!

საქართველოს კანონმდებლობაში საოჯახო დავები არცთუ ისე მარტივად მიიჩნევა, მითუმეტეს, თუ ეს დავა ბავშვებს ეხება, რადგან მშობელს არასრულწლოვანი შვილის მიმართ არაერთი უფლება-მოვალეობა ეკისრება - მშობლები ვალდებულნი არიან ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე იზრუნონ მის ნორმალურ რჩენა-აღზრდაზე და შექმნან საამისოდ საჭირო პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მას მშობლის უფლებაც კი ჩამოერთვას. რა შემთხვევაში ხდება მშობლის უფლების ჩამორთმევა და რა პროცედურები მიმდინარეობს სამართლებრივად, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის იურისტებისგან შეიტყობთ;

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს კანონმდებლობაში  მშობლის უფლების შეზღუდვისა და შეჩერების სამართლებრივ საფუძვლები დეტალურად არის გაწერილი. იურისტების განმარტებით, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს შეუძლია, შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. ამასთანავე, თუ ბავშვის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა, ასეთი ბავშვის მიმართ დგინდება მეურვეობა და მზრუნველობა.

 

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით.

 

ახლა უფრო კონკრეტულად განვიხილოთ, რა შემთხვევაში ხდება მშობლის უფლების ჩამორთმევა. როგორც „OK&CG“-ში განმარტავენ,  მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

 

მშობლისუფლებამოვალეობაჩამორთმეული პირი კარგავს ნათესაობაზე დამყარებულ ყველა უფლებას იმ შვილთან ურთიერთობაში, რომლის მიმართაც მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და მოვალეობა. შვილი, რომლის მშობელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება და მოვალეობა, ინარჩუნებს ამ მშობლის მიმართ ნათესაობიდან გამომდინარე ქონებრივ უფლებებს, მათ შორის, მემკვიდრეობის მიღების უფლებას.

 

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს. პირისათვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის სურვილსაც, თუ მას შეუსრულდა ათი წელი.

 

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა არ დაიშვება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც სხვამ იშვილა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შვილად აყვანა ბათილად იქნა ცნობილი.

 

ბავშვის ქონების მართვის უფლება კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით შეიძლება გადაეცეს ქონების მეურვეს მშობლების მიერ ნოტარიალურად ან, თუ ნოტარიუსი ხელმისაწვდომი არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე. ასევე, ბავშვის ქონების მართვის უფლება კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით შეიძლება გადაეცეს ქონების მეურვეს ანდერძის საფუძველზე.