ოთარ კაჭკაჭაშვილი: ტურიზმის სფეროდან  შემოსული თანხა სხვა ქვეყნებში გაედინება 2156 2019.05.18
ოთარ კაჭკაჭაშვილი: ტურიზმის სფეროდან შემოსული თანხა სხვა ქვეყნებში გაედინება

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.6 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით არის გაზრდილი.  საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რომელმაც1.0 მილიონს მიაღწია. აქედან, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 0.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 2019 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 222.7 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 21.4 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 24.3 პროცენტიან ზრდას 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

რაც შეეხება განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯებს, 2019 წლის I კვარტალში ეს მაჩვენებელი 1.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 15.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 16.1 პროცენტით შემცირდა და 889.7 ლარი შეადგინა.

 ის, რომ ქვეყანაში შემომსვლელ მოგზაურთა რაოდენობა მზარდია, ცალსახად კარგი ტენდენციაა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს თამაშობს ქვეყნის ეკონიმიკის განვითარებაში.  თუმცა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში მომრავლდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ გახსნილი ტურისტული სააგენტოები, რომლებიც უცხო ქვეყნიდან შემოსულ მოგზაურებს სრულ ტურისტულ მომსახურებას  უწევენ, რითაც  ადგილობრივების მიერ გახსნილ ტურისტულ სააგენტოებს მნიშვნელოვანი ზიანი ადგებათ.

 კერძოდ, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭაშვილის თქმით, „ბოლო პერიოდში მომრავლდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კერძოდ კი რუსეთის მოქალაქეების მიერ გახსნილი ტურისტული კომპანიები, რომლებიც რუსეთიდან და არა მარტო აქედან შემოსულ მოგზაურებს უწევენ ტურისტულ მომსახურებას; აქ იკვეთება ორი მნიშვნელოვანი დეტალი: ერთი, რომ ქართული ტურისტული კომპანიები კონკურენციას ვერ უწევენ ზემოხსენებულ სააგენტოებს, რომლებსაც ფაქტობრივად, მონოპოლია აქვთ და შესაბამისად, ვერც ფინანსურად ვითარდებიან; და მეორე, მოგზაურები ტურისტული მომსახურებისთვის თანხას ისევ   უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უხდიან და შესაბამისად, ეს თანხა  ქვეყნიდან გაედინება“ .

 

 იურისტი მიიჩნევს, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად,  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შიდა  ტურისტული კომპანიების გახსნასა და ტურისტული მომსახურების გაწევაზე შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ.

 „ვფიქრობ, უნდა დაწესდეს რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდებათ საქართველოში შემოსული მოგზაურებისთვის ტურისტული მომსახურების გაწევის უფლება, ის თანხა, რომელიც ტურიზმიდან შემოედინება, სრულად დარჩეს საქართველოში,“-ამბობს  კაჭკაჭაშვილი.