ოთარ კაჭკაჭაშვილი: თითქმის ყველა წამყვან ბიზნესში მონოპოლიზების ნიშნები შეიმჩნევა2159 2019.05.22
ოთარ კაჭკაჭაშვილი: თითქმის ყველა წამყვან ბიზნესში მონოპოლიზების ნიშნები შეიმჩნევა

მცირე და საშუალო ბიზნესის მსხვილი მოთამაშეებისგან დასაცავად ანტიდემპინგურ კანონში ცვლილებებს ამზადებენ - კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში განსახილველად უკვე მზადდება, საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დაცვაზე, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში, კონკურენციის სააგენტო დაინტერესდება.   

 

როგორც პარლამენტის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი განმარტავს, „ადგილობრივ ბაზარზე ხშირად შეინიშნება, როცა მსხვილი მოთამაშეები თავიანთ საქმიანობას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საზიანოდ იყენებენ. საბოლოოდ, მსგავსი მოცემულობა ხელს უშლის ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას და აფერხებს ეკონომიკას. სწორედ, ამიტომ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივას ვამზადებთ, რომელიც ბაზარზე მდგომარეობის გამოსწორებისთვის დადებითი შედეგის მომტანი გახდება“.

 

 აღნიშნულ საკითხს საადვოკატო ბიურო  „OK&CG“-ის დამფუძნებელი, იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი გამოეხმაურა. იურისტს მიაჩნია, რომ მონოპოლიის ნიშნები, რომლებიც ბევრ წამყვან ბიზნესში შეიმჩნევა, დროულად საჭიროებს რეაგირებას და ფიქრობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდება.

 „საქართველოში თითქმის ყველა წამყვანი ბიზნესი მონოპოლიზებულია, მონოპოლიის ნიშნები თითქმის ყველგან შეიმჩნევა. ამის მთავარი მიზეზი კი ხშირად დემპინგი ხდება, ამიტომ ამ კანონის მიღება გარდაუვლად აუცილებელია“-ამბობს იურისტი.

 

 იურისტის განმარტებით, ქართული კანონმდებლობის გარკვეული  მიმართულებები მაღალ დონეზეა გაწერილი, თუმცა პრობლემა მათი პრაქტიკაში განხორციელებაა.

 

 „ბევრ სფეროში ჩვენი კანონმდებლობა  საკმაოდ მაღალ დონეზე დგას, თუმცა, მთავარია, ამ კანონის შესრულების სახელმწიფოებრივი ნება. საქმე ის არის, რომ  თუკი ქმედითი იქნებოდა ანტიმონოპოლური სამსახური (კონკურენციის სააგენტო),  რომლის ფუნქციაც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება,   საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობაა, ვფიქრობ, დღეს მოქმედი კანონმდებლობითაც  შევძლებდით მონოპოლიის წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა, რა საკვირველია, რაც უფრო მეტი რეგულაცია დაწესდება ამ სფეროში, რომელიც მონოპოლურ კომპანიებს შეზღუდავს დემპინგური წესებით თამაშისგან, მცირე და საშუალო ბიზნესი შეძლებენ განვითარებას და ადგილობრივ ბაზარზე მყარად დარჩენას,“-ამბობს კაჭკაჭაშვილი.