ოთარ კაჭკაჭაშვილი: ექსკურსიების მოწყობა მხოლოდ სპეციალიზებულ ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ2901 2019.06.05
ოთარ კაჭკაჭაშვილი: ექსკურსიების მოწყობა მხოლოდ სპეციალიზებულ ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ორგანიზატორებისთვის რეგულაციები გამკაცრდა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით დარეგულირდა ექსკურსიებში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები.

ახალი მიდგომით, სკოლას დაევალა გადამყვანი კომპანიისგან/ფიზიკური პირისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. სკოლის დირექცია დაგეგმილი ექსკურსიის თარიღის, ადგილის, აქტივობების, მონაწილე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირების შესახებ სრულად უნდა იყოს ინფორმირებული. ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი შესაძლოა, იყოს მოსწავლის წარმომადგენელი, მასწავლებელი ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირი;

ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ. აუცილებელია ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდეს სრულწლოვანი პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევა ექნება. ბავშვების კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით. ექსკურსიის განხორციელების წესის დაცვა სავალდებულოა როგორც სკოლის, ასევე, მშობლების მიერ სასკოლო დროს ორგანიზებულ ექსკურსიებზე. აღნიშნული წესის დარღვევისას გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა.

 

 აღნიშნულს საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელი, იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი გამოეხმაურა.

 იურისტი სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას დადებითად მიიჩნევს, თუმცა, ფიქრობს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი. მისი თქმით, დღეს  მოქმედი კანონმდებლობა   სასკოლო ექსკურსიებზე მომხდარი უბედური შემთხვევების დროს ვინმე კონკრეტულ პირზე რაიმე სახის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ აწესებს, რადგან შესაბამისი სამართლებრივი ნორმები არ არსებობს.

 „დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, თუკი ექსკურსიაზე რაიმე სახის უბედური შემთხვევა მოხდება, მასწავლებლები ან თუნდაც გამყოლი მშობლები ვერაფრით ვერ ჩაითვლებიან სამართლებრივად პასუხისმგებელ პირებად და შესაბამისად, ვერც პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ზოგადად, პროფესიონალიზმი ყველა სფეროში აუცილებელია, რათა მაქსიმალურად იყოს აცილებული  არასასურველი ფაქტები. მაგალითად, თუკი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის დროს ექსპლუატაციის წესების დამრღვევ მძღოლს (პირობითად რომ ვთქვათ საქმის პროფესიონალს) ვაძლევთ პასუხისგებაში, ექსკურსიების დროს მომხდარ უბედურ შემთხვევებზე ფაქტობრივად არ არსებობს სამართლებრივად  პასუხისმგებელი პირი“.

 

იურისტი მიიჩნევს, რომ სასკოლო ექსკურსიების მოსაწყობად სპეციალიზებული ორგანიზაციები უნდა შეიქმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსკურსიების ყოველგვარი გართულებების გარეშე მოწყობისა და  არასრულწლოვანთა უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას. მისი თქმით, პროფესიონალი კადრების მიერ ორგანიზებული ექსკურსიები ბევრად დაცული იქნება უბედური შემთხვევებისგან;  

„გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში სასკოლო ექსკურსიებზე ამდენი უბედურება მოხდა, (2017 წლიდან დღემდე ექსკურსიებზე 6 ადამიანი გარდაიცვალა, 40 კი დაშავდა) სასურველი იქნება, ასეთი ტიპის ექსკურსიების მოწყობის უფლება  ჰქონდეს არა თავად სასწავლო დაწესებულებას, არამედ კონკრეტულ, სპეციალიზებულ ორგანიზაციას, რომელიც  ყველა დეტალის გათვალისწინებით შეარჩევდა მარშრუტს და იზრუნებდა ექსკურსიის ყოველგვარი ექსცესების გარეშე მოწყობაზე.   რა თქმა უნდა, ეს ორგანიზაცია,  დაკომპლექტებული უნდა იყოს  პროფესიონალებით, სამედიცინო პერსონალით, უსაფრთხოების ინსპექტორებით და ა.შ. სკოლა მხოლოდ შეიძენდა მათ პროდუქტს, კონკრეტულ საექსკურსიო მომსახურებას და სხვა ყველა საკითხზე, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილება იქნება ეს თუ ადგილზე უსაფრთხოება, პასუხისმგებელი იქნებოდა ორგანიზაცია“.