გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება 19585 2019.10.03
გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება

 ნასყიდობის ხელშეკრულების ცნებიდან გამომდინარე გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.  თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ნასყიდობის უფლების განხორციელებასთან ერთად ითვალისწინებს გაყიდული ნივთის უკან გამოსყიდვის უფლებასაც. 

გამოსყიდვის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ

თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.

გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე.

  თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა (დააზიანა) ან შეცვალა, მან უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი.

თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი ნივთი, ასეთი გასხვისება ბათილია.

გამოსყიდვის ხელშეკრულების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ გამოსყიდვის ხელშეკრულებით თავდაპირველი გამყიდველი იტოვებს უფლებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ცალმხრივი ნების გამოვლენით გამოისყიდოს ნასყიდობის საგანი.

ცხადია, გამოსყიდვის ცალმხრივი უფლება თავდაპირველ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ეფუძნება.

 გამოსყიდვის ხელშეკრულება, შესაძლოა, იმგვარადაც განიმარტოს, რომ ხელშეკრულებით გამყიდველი იტოვებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას განსაზღვრული ვადის ფარგლებში. იმავდროულად იგი მყიდველს გადასცემს ნასყიდობის საგნით დროებით სარგებლობის უფლებას.

გამოსყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებასა და გამოსყიდვის უფლების გამოყენებას შორის პერიოდში ეკუთვნის მიღებული სარგებელი.

გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება შეიძლება შედგეს უშუალოდ ნასყიდობის ხელშეკრულებით, ან დამოუკიდებელი შეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ. 

გამოსყიდვის შესახებ შეთანხმების ფორმა გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება იმავე ფორმით უნდა დაიდოს, რაც თავად ხელშეკრულებისათვის არის განსაზღვრული. გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება შეიძლება თავდაპირველი ხელშეკრულებით ან შემდგომ დადებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებით იყოს შეთანხმებული. 

გამოსყიდვის შესახებ ნების გამოვლენის შედეგად მხარეებს წარმოეშობათ ნასყიდობის ხელეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობები. კერძოდ, გამომსყიდველი ვალდებულია, გადაიხადოს გათვალისწინებული საფასური, ხოლო მყიდველი ვალდებულია, გადასცეს ნივთი გამოსყიდვის მომენტისათვის არსებულ მდგომარეობაში.

გამოსყიდვის უფლება ქარწყლდება ხელშეკრულებით გამოსყიდვისათვის გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. 

გამოსყიდვის ხელშეკრულება შესაძლოა ემსახურებოდეს კრედიტის უზრუნველყოფას, რაც დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების შინაარსი კანონისთვის გვერდის ავლას არ ისახავს მიზნად.  ხშირ შემთხვევაში, ნასყიდობის ფასი ფაქტობრივად სესხის თანხაა, ხოლო ნასყიდობის საგანი კი უზრუნველყოფა სესხისათვის. გერმანულ დოქტრინაში, ქართული სასამართლო პრაქტიკისაგან განსხვავებით, არ გამოიყენება ასეთი ხელშეკრულების მიმართ თვალთმაქცური გარიგების წესები. გერმანულ დოქტრინაში გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილობის უდავო საფუძვლად განიხილება შემთხვევა, როდესაც ნასყიდობის ფასსა და გადაცემულ ქონებას შორის არსებითი შეუსაბამობაა.