დღეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება2071 2019.10.10
დღეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება

10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით:

2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა

თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა”.

ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა საქართველოში და ქვეყანას სუიციდის პრევენციის პროგრამა, არ აქვს.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ფსიქიკური პრობლემები ძალიან ხშირად გამოწვეულია ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებით.

“სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხები გვახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გარკვეული შემთხვევები სრულდება ძალიან ტრაგიკულად, სხეულის დაზიანებით ან უფრო მძიმე შემთხვევებით. ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში, გარკვეულწილად, ბოლო წლებში იზრდება საბიუჯეტო დაფინანსება, მაგრამ ძირითადად ეს თანხები მიემართება ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. გარკვეულ სტაციონალურ- ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნამდვილად გაუმჯობესდა ვითარება, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური და არასაკმარისი იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სფეროში არსებობს."

 სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ გვაქვს ე.წ.სტაციონალური ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი სერვისები, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, ვერ ტოვებენ აღნიშნულ დაწესებულებებს და ოჯახიც უარს აცხადებს მათ მიღებაზე. გარდა ამისა, ძალიან პრობლემატურია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მათი მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო გასულ წელს. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან.

 ხშირად ფსიქიკური პრობლემები გამოწვეულია ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებით და ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოში არ არსებობს გამართული კოორდინაცია ნარკოლოგიურ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის.

სუიციდი დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა და მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა,სწორედ ამიტომ ეძღვნება დღევანდელი დღე ამ საკითხს. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სუიციდის საკითხს 115-ე მუხლი არეგულირებს და ის თვითმკვლელობამდე მიყვანას როგორც დანაშაულის ფორმას განსაზღვრავს. 

"1. თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) გენდერის ნიშნით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ." 

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი კი "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით განისაზღვრება.

 ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22​1 მუხლის შესაბამისად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის  მიმწოდებელ დაწესებულებაში ამავე დაწესებულების ადმინისტრაციის ბრძანებით იქმნება ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია (შემდგომში - კომისია), დაწესებულების კლინიკური ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით, არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით, რომელიც დაკომპლექტებულია მკურნალი ექიმ-ფსიქიატრით, დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრით, დაწესებულების ფსიქიატრიის დარგის მუშაკით და მოწვეული სპეციალისტით.

 აღნიშნული კომისია ვალდებულია:

ა) პირის სტაციონარში მოთავსების შემდეგ, წელიწადში ერთხელ შეაფასოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მიმართ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის  22​1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობა;

ბ) ჩაატაროს ვადამდელი შეფასება პაციენტის მკურნალი ექიმ-ფსიქიატრის მოთხოვნის საფუძველზე, თუ პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საფუძველს იძლევა;

გ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

 კომისიის გადაწყვეტილება მიიღება პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობისა და რისკის შეფასების სტანდარტის გათვალისწინებით, ხმათა უმრავლესობით.

https://www.youtube.com/watch?v=STMp6w38k3g

https://www.youtube.com/watch?v=XiCrniLQGYc