სახალხო დამცველი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს1063 2019.11.12
სახალხო დამცველი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

 

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების (კონსტიტუციის 25-1), სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს (კონსტიტუციის 31-1 პირველი წინადადება) და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს (კონსტიტუციის 31-1).

 

საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებულ შემდეგ ხარვეზებზე:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარკვეული წევრები წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატთა მხარდაჭერის მიზნით, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებითა და კოორდინაციით. აღნიშნულმა დაადასტურა, რომ კანონით გათვალისწინებული კენჭისყრებისა და შეფასების ფარულობა ვერ უზრუნველყოფდა საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების სისტემისა და კრიტერიუმების საფუძველზე შერჩევას და საბჭოს წევრების ზეგავლენისაგან დაცვას. ამ პირობებში, კენჭისყრების ფარულობა პროცესზე საზოგადოებრივ ზედამხედველობას აბრკოლებდა მხოლოდ;

 

კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას, მინიჭებული ქულები და შეფასება არ საბუთდება. ამ პირობებში, ბუნებრივია, იზრდება შეფასებით, მათ შორის ქულებით მანიპულირების რისკი.

 

შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, კერძოდ კი ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს. გასაჩივრების უფლების არ არსებობით კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა სასამართლო წესით ამტკიცონ მათ შერჩევაზე უარის თქმის არამართლზომიერება. აღნიშნული წესი ვერ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული, თუ სხვა პიროვნული უპირატესობების შესაბამისად იყვნენ შერჩეულნი.

 

საკონსტიტუციო სარჩელით სახალხო დამცველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ასევე აყენებს შუამდგომლობას საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ, მართალია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს სადავო ნორმების მოქმედებას საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, აღნიშნული ვერ შეაჩერებს საქართველოს პარლამენტისათვის უკვე წარდგენილი კანდიდატების განხილვისა და მათ განსაწესებლად ჩასატარებელი კენჭისყრის პროცესს, თუმცა, მას ექნება გავლენა მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებზე, ან უკვე წარდგენილი კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მიერ, პარლამენტში წარსადგენად კანდიდატების ხელახალი შერჩევის პროცედურაზე.

წყარო: ombudsman.ge