აზარტული თამაშობების შესახებ არსებული კანონმდებლობა და მასთან დაკავშირებული შედეგები2065 2019.11.12
აზარტული თამაშობების შესახებ არსებული კანონმდებლობა და მასთან დაკავშირებული შედეგები

აზარტული თამაშების მიმართ ადამიანის დამოკიდებულებაზე და ამ დამოკიდებულებისაგან გამოწვეულ შედეგებზე ყოველთვის ბევრი იწერებოდა. 

 

დოსტოევსკის  საკულტო რომანი "მოთამაშე", რომელიც გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულია, აზარტის, მასზე დამოკიდებულების და მისით შეპყრობილი ადამიანის შინაგან სამყაროს, მის არსს აღწერს.

 

„ზოგჯერ ყოვლად გიჟური და ერთი შეხედვით ყოვლად განუხორციელებელი აზრი და ფიქრი ეგზომ ძლიერად გაგიჯდება თავში, ბოლოს თვითონაც შესაძლებლად მიიჩნევ… კიდევ მეტი: თუ ამ ფიქრს ძლიერ და დიდი სურვილიც მიემატება, მგონი, ისეთ ფატალურ, უცილობელ, შენი ბედის წიგნში ჩაწერილ ამბად მიიღებ, რომელიც არ შეიძლება არ აგისრულდეს! იქნებ აქ კიდევ სხვა რაღაც არის, ნაზავი რაღაც წინათგრძნობათა, ნებისყოფის რაღაც უჩვეულო დაძაბულობა, საკუთარი ფანტაზიით თავის მოწამვლა თუ სხვა კიდევ.“ -დოსტოევსკი "მოთამაშე"

 

აზარტულ თამაშებში ბოლო ფრანკის წაგების შემდეგ თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე  მიდის ცნობილი კლასიკური რომანის, შაგრენის ტყავის მთავარი პერსონაჟიც.

 

ბალზაკი ხსენებულ რომანში წერს- „მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის თავის თავსა და სიკვდილს შორის არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა.“ 

 

აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური და მძიმე გახდა გამომდინარე იქიდან, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო ბოლო კვირაში რამდენიმე ახალგაზრდამ მოიკლა თავი.  შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავსი საქმეების გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იწყებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

 

თამაშობის საკითხს სამოქალაქო კოდექსიც არეგულირებს. კოდექსის 27-ე თავის 951-ე მუხლის მიხედვით:

 

1. თამაშობა ან სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. ეს წესი ვრცელდება სესხსა და ავანსზე, რომელიც განზრახ მიეცა თამაშის ან სანაძლეოსათვის, ასევე საბირჟო ან ამის მსგავს გარიგებებზე საქონლის ან საბირჟო ქაღალდების მიწოდების შესახებ, რომელსაც თამაშის ან სანაძლეოს ხასიათი აქვს.

2. თამაშის ან სანაძლეოს საფუძველზე განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვა არ შეიძლება.

ამავე თავის 952-ე მუხლში ლატარიასთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი წარმოშობენ ვალდებულებას, თუ ისინი (გათამაშება, წილისყრა, კენჭისყრა) სახელმწიფოს მიერ არის ნებადართული.

 

სახელმწიფო აზარტული თამაშებიდან წარმოშობილ ურთიერთობებს არეგულირებს  ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონით. კანონი ადგენს საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს. მისი მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული კანონი გარკვეულწილად აწესრიგებს აზარტული თამაშებისას წარმოშობილ ურთიერთობებს, მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ კანონმდებლობა გაუმჯობესებას და დამატებით რეგულირებას მოითხოვს. საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობაც ამ პრობლემის მოგვარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა.