ნომინალური მფლობელობის ანგარიში ადვოკატებისათვის2490 2019.11.21
ნომინალური მფლობელობის ანგარიში ადვოკატებისათვის

 ადვოკატი ვალდებულია კლიენტის მიერ მინდობილი თანხები ცალკე აღრიცხოს. მინდობილი თანხები კლიენტის საკუთრებაა და მხოლოდ საქმიდან გამომდინარე შეიძლება მათი განკარგვა, რასაც აუცილებლად თან უნდა სდევდეს სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული ხარჯთაღრიცხვა. 

 

 ადვოკატმა არ უნდა დაუშვას იმ ფულადი სახსრების დაყოვნება, რაიმე სახით საკუთარ ანგარიშზე თუ პირად სალაროში შენახვა, რომელიც მის ქონებას არ შეადგენს. მას შემდეგ, რაც კლიენტი ადვოკატს ფულად თანხას მიანდობს, მას უჩნდება ვალდებულება, მინდობილი თანხა კლიენტის მითითებისამებრ, წერილობითი ხელშეკრულების თანახმად კონკრეტული დანიშნულებით გამოიყენოს.

 

თუ თანხის გამოყენება აღარ არის საჭირო - მნიშვნელობა არ აქვს, სუბიექტური თუ ობიექტური საფუძვლის გამო - პროფესიული ეთიკური ვალდებულებებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერი წარმომადგენლობის ფარგლებში, ადვოკატი პასუხისმგებელია, შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში აცნობოს კლიენტს თანხის, თუ სხვა ქონების უკლებლივ დაბრუნების შესახებ და პირველივე შესაძლებლობისთანავე გააკეთოს ეს, ყოველგვარი დაყოვნებისა და კლიენტთან შეთანხმების გარეშე, ასევე თავიდან აირიდოს მინდობილი ქონების სხვა ქმედების გასახორციელებლად გადამისამართება.

 

მითითებულ ვალდებულებათა ნორმატიულ დონეზე დაცვა კი, თავისი არსით ემსახურება როგორც კლიენტის ინტერესების მაღალი ხარისხით წარმოჩინებას, ასევე განამტკიცებს სანდოობის უკეთეს ხარისხს კლიენტსა და მისი ინტერესების დამცველს შორის.

 

,,საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის N24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით #267/04 ადვოკატებისთვის გათვალისწინებულია ნომინალური ფლობელობის ორი ანგარიში: ერთობლივი ან სეგრეგირებული (ბრძანების პირველი მუხლის ტ) და უ) ქვეპუნქტები).

 

საკითხის რეგულირების მიზანს წარმოადგენს ადვოკატისა და კლიენტის ფინანსური ანგარიშების გამიჯვნა. ანუ თუ კლიენტი ადვოკატს სამართავად გადასცემს თავის კუთვნილ თანხებს, ადვოკატი ვალდებულია იგი განათავსოს ცალკე ანგარიშზე, თავისი პირადი ანგარიშებისგან დამოუკიდებლად.

 

ერთობლივსა და სეგრეგირებულს შორის კი ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ერთობლივი ანგარიშის შემთხვევაში, შესაძლოა შეიქმნას ყველა მსგავსი კლიენტის ერთიანი ანგარიში, სეგრეგირებულის დროს კი ანგარიში იხსნება მხოლოდ ერთი კონკრეტული კლიენტისათვის.

 

 ,,ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შეიძლება განთავსდეს და/ან ამ ანგარიშიდან გადაირიცხოს მხოლოდ ანგარიშის მფლობელი პირის კლიენტის სახსრები, რომელსაც ეს პირი ფლობს და განკარგავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით.“

 

 ,,ბანკის მოთხოვნის შემთხვევებში, ნომინალური ანგარიშის მფლობელი პირი ვალდებულია ბანკს წარუდგინოს ინფორმაცია მისი კლიენტის (კლიენტების) და/ან მათი ბენეფიციარი მფლობელების შესახებ.“ 3. ,,ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შინაარსსა და დანიშნულებაზე პასუხს აგებს ანგარიშის ნომინალური მფლობელი.“ 4. „აკრძალულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვა უშუალოდ ანგარიშის ნომინალური მფლობელის კლიენტის/მონაწილის მიერ წარმოდგენილი დავალების საფუძველზე.“

 

ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე განსათავსებელი თანხა არ არის კავშირში ადვოკატის მიერ კლიენტისგან მიღებული მომსახურების საზღაურის განკარგვასთან. ადვოკატი უფლებამოსილია მიიღოს ფულადი თანხა ხელშეკრულებაში მითითებული დავალების შესრულების მიზნით. ფული უნდა შეიტანოს ნომინალურ ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

 

იმ შემთხვევაში თუ ადვოკატი მიიჩნევს, რომ თანხა უნდა მიიღოს ნომინალურ ანგარიშზე განსათავსებლად, პროფესიული სტანდარტების დაცვისთვის საჭიროა ადვოკატმა და კლიენტმა შეადგინონ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების გარდა დავალების ხელშეკრულება, ფულადი სახსრების მიბარებისა და განკარგვის შესახებ, სადაც აღინიშნება: შედგენის ადგილი და თარიღი, ფულის გადამცემის სრული რეკვიზიტები, მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, მიღების საფუძველი, მიმღები სუბიექტის რეკვიზიტები.  

 

თანხა ადვოკატისთვის კონკრეტული ვადით უნდა იყოს მიბარებული. ადვოკატმა ხელშეკრულების ასლი უნდა გადასცეს კლიენტს და თავისი ეგზემპლარი შეინახოს არქივში. ფულადი თანხა შეიძლება დაუბრუნდეს კლიენტს, მის მემკვიდრეს ან თანხის ადვოკატისთვის გადაცემის დროს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა პირს. თანხის კლიენტისთვის დაბრუნების შემთხვევაში უნდა შედგეს ოქმი თანხის დაბრუნების შესახებ და თანხა კლიენტს დაუბრუნდეს უნაღდო ანგარიშსწორებით. ოქმში უნდა აღინიშნოს: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი, თანხის მიმღების სრული რეკვიზიტები და თანხის ოდენობა. ოქმს ხელი უნდა მოაწეროს ადვოკატმა და თანხის მიმღებმა. ადვოკატი უფლებამოსილია უარი თქვას კლიენტის თანხის მიღებაზე.

 

 შესაბამისად, ამჟამად საქართველოს საბანკო კანონმდებლობა და საბანკო მომსახურება უზრუნველყოფს ადვოკატთა საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკას პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და ადვოკატებს აქვთ საშუალება კლიენტის მინდობილი თანხები ცალკე ანგარიშზე აღრიცხონ. ამით ადვოკატი ერთის მხრივ ასრულებს პროფესიის რეგულირებისთვის მნიშვნელოვან სტანდარტს, მეორეს მხრივ უფრთხილდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ინტერესს, ვინაიდან კლიენტის თანხები, გამოსაყენებლი ტრანზაქციებისთვის ამ ფორმით ადვოკატთან დაცული იქნება. გარიგებებისთვის ადვოკატებისთვის ნომინალური მფლობელობის ანგარიშით სარგებლობა ხელს უწყობს ტრანზაქციების უსაფრთხოებას, სიმარტივეს. ასევე, მიღწევადია ის ლეგიტიმური მიზანიც, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია თავიდან იქნეს აცილებული. მითითება: ეთიკის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია არის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის მოსაზრება და არ აქვს სავალდებულო ხასიათი.