შენობებისა და ხაზოვანი ნაგებობებისთვის საჯარო რეესტრი 3D კადასტრს ქმნის1554 2019.12.04
შენობებისა და ხაზოვანი ნაგებობებისთვის საჯარო რეესტრი 3D კადასტრს ქმნის

თბილისში, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობებისა და ხაზოვანი ნაგებობებისთვის საჯარო რეესტრი 3D კადასტრს ქმნის.

პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი დედაქალაქის 10-ვე რაიონში, მიწის ნაკვეთებს აღრიცხავს, ფოტოსურათებს , მათ შორის, 360° პანორამული ფოტოებს გადაუღებს და sketchUp ფორმატში ობიექტების 3D გამოსახულებებს მოამზადებს.

ამასთანავე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა რეგისტრირებული შენობისა და ხაზოვანი ნაგებობისთვის, როგორიცაა მიწისქვეშა გადასასვლელები, გვირაბები და შიდა სივრცის მქონე ხიდები, აღირიცხება შიდა ფართები და მომზადდება აზომვითი ნახაზები.

დამუშავებულ ინფორმაციასა და ელექტრონულ ფორმატში მომზადებულ მონაცემთა ბაზებს საჯარო რეესტრი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიაწვდის.

დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ნივთებისთვის 3-განზომილებიანი მოდელირებისა და კადასტრის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავ ქონებაზე კომპლექსური გადაწყვეტილების მიღებას, გააუმჯობესებს ქონების მართვის, განკარგვისა და ინვესტირების შესაძლებლობებს; გაზრდის დაგეგმვისა და პროექტირების ხარისხს და უზრუნველყოფს საკუთრების უფლების დაცულობას.