მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება1860 2020.01.16
მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას ვალდებულია სამართალდამრღვევს იმავდროულად დააკისროს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 119-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 120-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-5, მე-10 და მე-11 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება, დადგენილია სამართალდამრღვევი და გამოწერილია შესაბამისი საჯარიმო ქვითარი, დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) მიერ წარდგენილი განცხადებისა და უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შეფასების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის დადგენილებას და მის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც სამართალდამრღვევს დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) სასარგებლოდ დაეკისრება დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენის, ხოლო აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი შენაცვლებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.

 

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებას შესაბამისი დადგენილების მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული განცხადება და იმავე ნაწილში მითითებული საექსპერტო შეფასება წარდგენილია შესაბამისი საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

 

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლით საჯარიმო ქვითრის (დადგენილების) გასაჩივრებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა, თუ აღნიშნული ქვითარი არ არის გასაჩივრებული. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ზემდგომი ორგანოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, ხოლო თუ დადგენილება გასაჩივრებულია სასამართლოში − პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

5. ამ მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლისა და სათანადო განცხადების წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო ბიურო ვალდებულია გაატაროს სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებები, მათ შორის პრიორიტეტულად განახორციელოს იმ მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადება ან/და მისი რეალიზაცია, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

 

6. ამ მუხლით განსაზღვრული:

ა) დადგენილების მიღებამდე და სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე ან/და მის აღსრულებამდე დაზარალებულსა და სამართალდამრღვევს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს წერილობითი მორიგების საფუძველზე შეაჩერონ ან შეწყვიტონ იძულებითი აღსრულება;

ბ) დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამ მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლის ფორმას და მისი გაცემის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.