520-ე დადგენილების უარყოფითი გავლენა მედპერსონალზე1513 2020.01.27
520-ე დადგენილების უარყოფითი გავლენა მედპერსონალზე

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრების #520 დადგენილება უკვე ამოქმედდა.

 

მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებით სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ. 

 

დადგენილების ამოქმედებისთანავე, ტარიფების გათანაბრებამ გარკვეული უარყოფითი გავლენა უკვე იქონია სამედიცინო მომსახურებასა და პერსონალზე.

 

მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი წლიდან ექთნებს ხელფასები შეუმცირეს. ექთნები სხვადასხვა კლინიკიდან ამბობენ, რომ ადმინისტრაცია მათ შეხვდა და მიუთითა ხელფასების შემცირების მიზეზზე – „მთავრობის 520-ე დადგენილებაზე“.

 

სწორედ ამ დადგენილებას უკავშირებენ კლინიკები შემოსავლების შემცირებას, რაც თავის მხრივ სამედიცინო სერვისების ფასების შემცირებას უკავშირდება.

 ექთნების გარკვეული ნაწილის თქმით, მათ ადმინისტრაცია უკვე ესაუბრათ და მათ ხელიც მოაწერინეს ახალ ხელშეკრულებაზე, რომლითაც ხელფასები შეუმცირდათ.

 

ექთნები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ჯგუფია და ზოგ შემთხვევაში მათი შემოსავალი საარსებო მინიმუმსაც ვერ აღწევს.

 

რა გავლენას იქონიებს "ყალიბში ჩამოსხმული" ფასები სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, როგორ შეძლებენ კლინიკები თავი გაართვან ახალ გამოწვევას და დაიცვან პერსონალი შრომითი პირობების გაუარესებისგან?!