სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებით1112 2020.02.17
სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებით

 საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბინადრობის მუდმივი ნებართვის მქონე პირებისათვის, საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად, ხელმისაწვდომი გახდეს სოციალური თუ ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამები.

სახალხო დამცველის აპარატში კვლავ შემოდის განცხადებები, რომლებშიც საუბარია მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირთა მიერ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით სარგებლობის შეზღუდვის და მათი ბენეფიციართა წრიდან გამორიცხვის თაობაზე, რის გამოც, სახალხო დამცველმა სამინისტროსადმი მიმართვის წერილში აღნიშნულ საკითხზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

2017-2018 წლებში სახალხო დამცველმა ორჯერ გამოსცა რეკომენდაცია, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მიმართ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში არსებულ დისკრიმინაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებით. აღნიშნულ რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის, საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, ხელმისაწვდომი არ არის სხვადასხვა სოციალური თუ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები. შესაბამისად, აღნიშნული პირები სირთულეებს აწყდებიან იმ ქვეყანაში ცხოვრებისას, რომლის ბიუჯეტშიც შეაქვთ კონტრიბუცია.

წერილში აღნიშნულია, რომ მართალია, სახელმწიფოს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ დაგეგმოს ქვეყნის სოციალური პოლიტიკა, თუმცა ეს შესაძლებლობები მცირდება, როდესაც იგი გაუმართლებლად განასხვავებს არსებითად თანასწორ ჯგუფებს. განსაკუთრებით, იმ პირობებში, რომ ბინადრობის ნებართვის მქონე პირებსა და საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი საგადასახადო ვალდებულებები აქვთ სახელმწიფოს წინაშე და შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაფინანსებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა თანასწორად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ პირებისათვის.

მინისტრისათვის გაგზავნილ წერილში ხაზგასმულია, რომ ძირითადი და ბაზისური ჯანდაცვის/სოციალური პროგრამები, ასევე გარკვეული რთული კატეგორიის დაავადებათა კონტროლის მიზნით შემუშავებული სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი იყოს იმ პირთა ჯგუფისათვის, რომელთაც ქვეყნის ბიუჯეტის ზრდაში წვლილი შეაქვს და სამართლებრივად საქართველოს მოქალაქეთა მსგავს მდგომარეობაში იმყოფება.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს უახლოეს მომავალში მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სოციალური თუ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით, რითაც მათ მიმართ არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკა აღმოიფხვრება და გამოთქვამს თანამშრომლობისათვის მზადყოფნას, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.