დანაშაულის სტატისტიკა 1941 2020.02.17
დანაშაულის სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს სულ დარეგისტრირდა 64 123 დანაშაული, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.

 

2019 წელს მცირედით დადებითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 1%-ით გაუმჯობესდა.

 

სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, გარკვეულწილად შემცირდა სატრანსპორტო დანაშაული (-6,09%), სამოხელეო დანაშაული (-1,55%), მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღდეგ ჩადენილი დანაშაული (-15,14%). სხვა რეგისტრირებულ დანაშაულთა ჯგუფების ზრდის მაჩვენებელი 1.55%-დან 51%-მდე მერყეობს. მაგალითად, ნარკოტიკულ დანაშაულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 51%-ით არის გაზრდილი, რაც უმეტესწილად ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებითი მოხმარების 1056 შემთხვევით მატებამ განაპირობა, გარდა ამისა, წინა წელთან შედარებით 108%-ით არის გაზრდილი ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონო დათესვის მუხლით, ხოლო 24%-ით არის გაზრდილი ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების მუხლით რეგისტრირებული დანაშაული. ამ კატეგორიის დანაშაულების მატება, გარკვეულწილად შესაძლებელია წინა წელთან შედარებით ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას  უკავშირდებოდეს.

 

2019 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 9,19%-ით გაუარესდა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჯგუფში გაერთიანებული დანაშაულების მაჩვენებელი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განზრახ მკვლელობების რიცხვი 49%-ით (37 შემთხვევით ნაკლები) შემცირდა, თუმცა ამავდროულად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობების რიცხვი 56%-ით (14 შემთხვევით მეტი) გაიზარდა. ამასთან, 31,7%-ით (+13 შემთხვევით) გაიზარდა მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი.

 

საკუთრების წინააღდეგ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი 2019 წელს 2%-ით (516 შემთხვევით) არის გაზრდილი, რაც ძირითადად ქურდობის მაჩვენებლის 358 შემთხვევით მატებით არის განპირობებული. ქურდობის მაჩვენებლის ზრდის ფონზე აღსანიშნავია ყაჩაღობის შემთხვევების 19,8%-ით (53 შემთხვევით ნაკლები) კლება.

 

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)