"თოვდა და თბილისს ებურა თალხი" -1921 წლის 25 თებერვალი!56138 2020.02.25
"თოვდა და თბილისს ებურა თალხი" -1921 წლის 25 თებერვალი!

 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.

 

ამასთან დაკავშირებით მიხეილ ჯავახიშვილი წერს:

„25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ, დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ახლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ“- მიხეილ ჯავახიშვილი 

 

 

საბჭოთა ოკუპაციას ეძღვნება ცნობილი, ქართველი, სიმბოლისტი პოეტის, კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსიც:

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

 

საქართველოს ტერიტორიების უმნიშვნელოვანესი ნაწილები კვლავ ოკუპირებულია. დღევანდელი დღე კიდევ ერთი ისტორიული დასტურია იმისა, რომ ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება საქართველოსათვის გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.