6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება, აიკრძალოს2793 2020.05.16
6 თვეზე მეტი ვადით არაანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება, აიკრძალოს

არაანაზღაურებადი სტაჟირება, რომელიც თანამედროვე საქართველოში გაურკვეველი ვადით გრძელდება და ჯერ ახალგაზრდობის ძლიერ ენთუზიაზმს, შემდეგ კი მის მოტივაციას ცდის, შესაძლოა, აიკრძალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით წერია  საკანონმდებლო პროექტში რომელიც პარლამენტარმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ბიუროს სხდოაზე წარადგინა და რომელიც სტაჟირებასთან დაკავშირებით რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს. 

 ვიდრე საკანონმდებლო ინიციატივაზე ვისაუბრებდეთ, მცირედ მიმოვიხილოთ, რას ნიშნავს სტაჟირება საქართველოში დღეს და როგორია დამსაქმებლისა და სტაჟიორის შრომითი ურთიერთობა.

 სტაჟირება, რომელსაც ადამიანები გადიან კერძო თუ საჯარო სამსახურებში, სრულიად შესაძლებელია 3 ან 4 წელს გაგრძელდეს; იგი ერთი მხრივ იმის შანსს იძლევა, იმუშავო გამოცდილი თანამშრომლების გვერდით, ისწავლოთ მათგან და გაიზარდო პროფესიული კუთხით, მეორე მხრივ კი გეუბენება, დაელოდო, როდის წავა/გაუშვებენ რომელიმე თანამშრომელი სამსახურიდან, რომ საჭირო დროსა და ადგილას აღმოჩნდე და მისი ადგილი დაიკავო.

 რას ნიშნავს ქართულ შრომის ბაზარზე სტაჟიორი? ეს არის მუშა ხელი, რომელსაც ევალება ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ, შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულ თანამშრომელს, ოღონდ ანაზღაურების გარეშე. ოფიციალურად კი სტაჟირების შესახებ კანონმდებლობაში სპეციალიზებული ჩანაწერი არ არსებობს, არც მისი განმარტება და არც მისი უფლება-მოვალეობების შესახებ წერია რაიმე; ახალი ინიციატივა კი სწორედ იმას ემსახურება, რომ შრომის კოდექსში გაჩნდეს სტაჟირების ცნება  და სტაჟიორებზე შრომის კოდექსით დადგენილი გარკვეული უფლებები გავრცელდეს. ამასთან, დადგინდეს წესები, რომ სტაჟიორები უფასო შრომით რესურსად არ გამოიყენონ, წინასწარ განისაზღვროს სტაჟიორის მოვალეობები და შეიზღუდოს სტაჟირების ვადები.  

დავიწყოთ თავად სტაჟიორის დეფინიციის განმარტებით; როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერჯერობით კანონმდებლობაში ამ ტერმინის განმარტება არ არსებობს, ახალი კანონპროექტის თანახმად კი, მოხდება სტაჟიორის ცნების დაკონკრეტება. კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ „სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით“. 

მნიშვნელოვანია, როგორ დარეგულირდება სტაჟიორისა და დამსაქმებლის შრომითი ურთიერთობები.  თუკი აქამდე დამსაქმებელს წლობით შეეძლო შრომითი ხელშეკრულების გარეშე ემუშავებინა დასაქმებული, კანონპროექტის თანახმად, მას ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, რომ თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. ცვლილებების თანახმად, არანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს. ერთი და იმავე პირს უფლება აქვს ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ.

აქამდე სტაჟიორისა და დამსაქმებელს შორის დოკუმენტალურად არასოდეს ყოფილა განსაზღვრული, თუ რა მოვალეობები, რა რაოდენობის საქმე დაევალებოდა სტაჟიორს სტაჟირების განმავლობაში, ცვლილების თანახმად კი, ჩნდება ვალდებულება, რომ სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობა დარეგულირდეს წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ, რათა არ მოხდეს მათი გამოყენება ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც არ უკავშირდება სტაჟირების ძირითად მიზანს.

 და რაც მთავარია,  სტაჟირების პერიოდის გასვლის შემდეგ შრომითი ხელშეკრულების დადების დროს,  სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის ნაცვლად, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

ავტორი: ელზა ელბაქიძე