ბელგიაში მცხოვრებ ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მისი უძრავი ქონება, რომელიც საშუალოდ, 250 000 აშშ დოლარის ღირებულებისაა, ვინმე ევგენი კოსტენკომ გაყალბებული მინდობილობის გამოყენებით მესამე პირს გადაუფორმა, რომელმაც სახლი იპოთეკით დატვირთა და შემდეგ გაასხვისა.
სახლი რამდენჯერმე მოხვდა სხვადასხვა მესაკუთრის ხელში ისე, რომ რეალურმა მეპატრონემ ამის შესახებ არაფერი იცოდა, რომ არა მისი ოჯახის ახლობლის მიერ სახლის ფასადზე ამოკითხული განცხადება, რომ ის იყიდებოდა.
როგორც გიორგი ჭინჭარაული ჩვენთან საუბარში განმარტავს, მას საკუთარი ქონების გაყიდვის ან მასში შესვლისა და ცხოვრების უფლება არანაირი დოკუმენტის საფუძველზე არ მიუცია არც აღნიშნული პირისთვის და არც ახლანდელი მესაკუთრისთვის, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით, ახლა თეა შანშიაშვილია.
გიორგი ჭინჭარაული საქართველოს პროკურატურას მიმართავს თხოვნით, დროულად გამოიძიონ საქმე და დაუბრუნონ უძრავი ქონება, რომლის მშენებლობაშიც მთელი თავისი რესურსი და შრომა ჩადო.
„2002 წელს თბილისში, დიდ დიღომში შევიძინე მიწის ფართობი (გოგიძის ქ.,7), რომელზეც ემიგრაციაში მძიმე შრომითა და წვალებით, ახლობლებისა და ნათესავების მხარდაჭერით ავაშენე სახლი. აღნიშნულ სახლს 2016 წლამდე პატრონობდა მამაჩემი შალვა ჭინჭარაული. მამის გარდაცვალების შემდეგ სახლ-კარში არავინ ცხოვრობდა, ნათესავები და ახლობლები აკითხავდნენ და უვლიდნენ შეძლებისდაგვარად. 2020 წლის ივნისში ჩემი ოჯახის ახლობლებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს და შემატყობინეს, რომ ჩემთვის უცნობი პირები თაღლითური გზით დაეპატრონენ ჩემ კუთვნილ სახლ-კარს და გადაყიდეს, ისე რომ საქმის კურსში არ ვყოფილვარ. პანდემიის, მატერიალური პირობებისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ ვახერხებ ჩამოსვლას საქართველოში. ამ შოკის მომგვრელი ფაქტიდან გამომდინარე სასწრაფოდ 2020 წლის 23 ივნისს ავიყვანე გამოცდილი ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი, რომელმაც განახორციელა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები“, - განგვიმარტა გიორგი ჭინჭარაულმა.
რატომ ენდო საქართველოს საჯარო რეესტრი ყალბ დოკუმენტს და რამდენად არის შესაძლებელი ვეტერან ფეხბურთელს ქონება უკან დაუბრუნდეს, ამ კითხვებით მის ინტერესების დამცველს, იურიდიული კომპანია OK&CG-ის დამფუძნებელს, ოთარ კაჭკაჭაშვილს მივმართეთ.
აღმოჩნდა, რომ ადვოკატებმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურას 3 კვირის წინ მიმართეს და დეტალურად აღუწერეს ფაქტის სიმძიმე. ამასთან, მოითხოვეს, დამნაშავეების გამოვლენამდე სახლისთვის ყადაღა დაედოთ, თუმცა როგორც ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი აცხადებს, ამაზე დაუსაბუთებელი უარი მიიღეს. მისივე მტკიცებით, საქმის ადვოკატები პროკურატურას დღემდე არ დაუბარებია გამოკითხვაზე და არც საქმეში არსებული ყალბი დოკუმენტაცია გამოუთხოვია საჯარო რეესტრიდან.
ადვოკატის თქმით, ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ გამოძიება არაოპერატიულად მიმდინარეობს.
ამასთან, ადვოკატი საუბრობს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უცხოური, უფრო კონკრეტულად, დსთ-სა და მის ყოფილ წევრ ქვეყნებში (ამ შემთხვევაში სავარაუდოდ, უკრაინაში) შედგენილი დოკუმენტაციის მიმართ სრულიად გაუაზრებელ მიდგომაზე, რის გამოც შეიძლება, თითოეული მოქალაქის უძრავი და მოძრავი ქონება თაღლითების ხელში აღმოჩნდეს. ამრიგად, ადვოკატის თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ საჯარო რეესტრსაც ეკისრება.
„დსთ კი დავტოვეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის წევრ ან ყოფილ წევრ სახელმწიფოებში დამზადებულ დოკუმენტს საქართველოში ლეგალიზაცია არ ესაჭიროება. საქართველოსთვის ასეთი ტიპის დოკუმენტები არის მისაღები და საკმარისია მისი მხოლოდ ნოტარიულად თარგმნა და დამოწმება. თუმცა განსხვავებული მიდგომაა ევროპის ქვეყნებში შედგენილ დოკუმენტზე - მისი დამოწმება აუცილებელია ლეგალიზაციის ან აპოსტილიზაციის ფორმით. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მას იურიდიული ძალა.
ჩვენს გაკვირვებას იწვევს ეს ფაქტი, რატომ სარგებლობენ დსთ-სა და მისი ყოფილი წევრი ქვეყნები ამ პრიორიტეტით და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რატომ არ არის უფრო ფრთხილი მიდგომა მათ მიმართ. სანამ ასეთი დოკუმენტების შემოწმების მექანიზმი უფრო არ გამკაცრდება, თითოეული მოქალაქის უძრავი თუ მოძრავი ქონება საფრთხის ქვეშ იქნება, რადგან ამ მეთოდით ნებისმიერ პირს შეუძლია, ნებისმიერი პირის უძრავი ან მოძრავი ქონება გაასხვისოს ისე, რომ მესაკუთრემ ამის შესახებ არაფერი იცოდეს და გიორგი ჭინჭარაულის მსგავსად მოგვიანებით გაიგოს ან გაარკვიოს ისეთ დროს, როცა შეიძლება, ძალიან გვიან იყოს. სწორედ ამიტომ იკვეთება სახელმწიფოს როლი ამ საქმეში“, - განმარტა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი გიორგი ჭინჭარაულისთვის ქონების დაბრუნება, ოთარ კაჭკაჭაშვილი განმარტავს, რომ მისი გუნდი გამოძიების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულს კუთვნილ სახლს ვერ დაუბრუნებენ, სამართლებრივი დავა სხვა კუთხით გაგრძელდება:
„არ გვინდა, დავუშვათ ის შემთხვევა, რომ უძრავი ქონება ვერ დაბრუნდება, რადგან სხვაგვარად ამ საქმიდან დაზარალებულის ინტერესების დაცვა იქნება შეუძლებელი. მიზეზი კი ისაა, რომ შესაძლოა, საქმეში მოხსენიებული გვარები საერთოდ არ არსებობდეს და საქმე გვქონდეს თაღლითურ სქემასთან. იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავეების ვერ გამოიკვეთა, მაშინ მომზადდება სარჩელი და მივმართავთ სახელმწიფოს, გიორგი ჭინჭარაულს აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი“, - განმარტავს ადვოკატი.
ჯერჯერობით, უცნობია, აქვს თუ არა გამოძიებას რაიმე სიახლე და იკვეთება თუ არა დამნაშავეთა წრე, თუმცა როგორც საქმის ადვოკატი აცხადებს, სანამ დსთ-სა და მის ყოფილი წევრ ქვეყნებში მომზადებული დოკუმენტაციის მიმართ შემოწმების მექანიზმი არ შეიცვლება, მანამდე ყველა მოქალაქის კერძო საკუთრებას შეიძლება, საფრთხე დაემუქროს.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა