საქართველოში ოჯახში ძალადობა რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, ახალი არ არის. მითუფრო, ბოლო პერიოდში, როცა ასე ხშირად გვესმის ქალთა ფემიციდის შესახებ. თუმცა, არა მარტო ქალთა მიმართ, არამედ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ოჯახის ნებისმიერი წევრი შეიძლება, გახდეს და ამის არაერთი მაგალითი გვესმის კიდეც ტელევიზიით, თუმცა ოჯახური ძალადობის კიდევ უფრო მეტი შემთხვევაა, რაც ფართო მასებისთვის არც ხდება ცნობილი.
ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ხშირად წერს. კომპანიის გუნდი მუდმივად თვალს ადევნებს ქვეყანაში ამ კუთხით მომხდარ ამა თუ იმ შემთხვევას და სამწუხაროდ, სტატისტიკა და რეალობა არც თუ ისე იდეალურია...
„სურამში ქმარმა ცოლი მოკლა“, „28 წლის კაცმა მუხრანში მამა და პაპა მოკლა“ , „ქუთაისში 30 წლის ქალს ყელი 45 წლის მეგობარმა ქალმა გამოჭრა“ ვკითხულობთ ახალ ამბებში თითქმის ყოველ კვირას და გრძელდება ასე დაუსრულებლად... ყველა ეს შემთხვევა ოჯახური ძალადობის უკიდურესი ფორმებია, მაგრამ სტატისტიკა ამ უკანასკნელისა კიდევ უფრო დიდია, რადგან ოჯახური ძალადობა კიდევ უფრო ფართოა, მისი ფორმებიდან გამომდინარე.
სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობის საქმეებზე წლიდან წლამდე იზრდება სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, თუმცა, ამავდროულად, საგრძნობლად მაღალია ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენები სასამართლო სისტემაში ბრალდებულის გამართლების სტატისტიკა.
სტატისტიკა ასე გამოიყურება:
პარლამენტში პროკურატურამ წარადგინა ანაგარიში, რომლის თანახმადაც საქართველოში 2019 წელს ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე 4579 პირის წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი დევნა, რაც 624-ით მეტია წინ წლის მონაცემებთან შედარებით. პროკურატურის მიერ მომზადებული სტატისტიკის თანახმად, სამართლებრივი დევნის მონაცემები ყოველწლიურად მზარდია.
პროკურატურა ამბობს, რომ „2019 წლის განმავლობაში, გასული წლების მსგავსად, საგრძნობლად გაიზარდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ დევნის დაწყების მაჩვენებელი და დევნის დაწყების საერთო მაჩვენებლის 1/4 შეადგინა“.
თუმცა, როგორც სტატისტიკიდანაც ჩანს, ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლოებში ხშირად დგება გამამართლებელი განაჩენი. 2019 წელს ყველა სახის დანაშაულის საქმეებზე არსებითი განხილვის საფუძველზე გამოცხადებული განაჩენებიდან სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი 11,1%-ის მიმართ გამოიტანა, ხოლო 4,7%-ის მიმართ – ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი. 2019 წელს გამამართლებელი განაჩენების დიდი ნაწილი (66%) ოჯახური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე მოდის. (წყარო: ნეტგაზეტი)
პროკურატურა ამ არაპროპორციულობას იმით ხსნის, რომ თითქოს ბრალდებულის ოჯახის წევრები ან/და ნათესავები, მათ შორის, დაზარალებულებიც, რაღაც ეტაპზე ჩვენებებს აღარ იძლევიან.
2019 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დაკითხვის ჩამტარებელმა პირმა დაზარალებულს უნდა შესთავაზოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან კონსულტაციის გავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე 3-დღიანი მოსაფიქრებელი ვადით სარგებლობა.
„აღნიშნული ცვლილება ბრალდების მხარის ხელში წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლის მიერ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღება გაუცნობიერებლად – ძალადობის განმეორების რისკებისა და იმ საფრთხეების გათვალისწინების გარეშე, რის წინაშეც შესაძლოა, დადგეს მოძალადის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში“, – წერია პროკურატურის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ ანგარიშში.
ზემოთაც აღვნიშნეთ და პრაქტიკიდან გამომდინარეც, ოჯახში დანაშაული ძირითადად გულისხმობს ქალთა წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 182 სხდომიდან, რომელიც ეხებოდა ოჯახში ძალადობას, 178 შემთხვევაში ბრალდებული იყო კაცი, ხოლო 4 შემთხვევაში- ქალი.
როგორც უკვე ვთქვით, ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების სიმრავლეს პროკურატურა საქმის განხილვის დროს ახლო ნათესავების მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენებას უკავშირებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრები ან/და ნათესავები, მათ შორის, დაზარალებულებიც, რაღაც ეტაპზე ჩვენებებს აღარ იძლევიან.
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის იურისტების თქმით, „მართლაც ხშირია, როდესაც დაზარალებულები სასამართლო სხდომებზე, ან თუნდაც სასამართლოს მიმართვამდეც კი, კონსულტაციების პერიოდში, ამბობენ უარს დავის გაგრძელებაზე. იზეზი ბევრია. სამწუხაროდ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს მოწმეები ნაკლებად ჰყავთ. საქმე ის არის, რომ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ, ოჯახური ძალადობის ფაქტები დაადასტურონ, მაქსიმალურად განზე დგებიან. მიზეზი ძირითარდად ორგვარია, ერთი რომ შესაძლოა, მათ ეშინიათ მოძალადის, რომ ჩართულობის გამო შემდგომში მასზე არ იძალადოს, მეორე მიზეზი კი გახლავთ ის, რაც სამწუხაროდ დღესაც მყარად ზის ქართულ მენტალიტეტში „სხვისი საქმეა და არ ჩავერევი.“
სამწუხარო რეალობაა, რომ ოჯახში ძალადობა დღემდე ასეთი აქტუალური და თანაც მოუგვარებელი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მოძალადეთა მიმართ სამართლებრივი დავის სტატისტიკა ზრდადია, ხშირად, სხვადასხვა მავნე პრაქტიკიდან გამომდინარე, მოძალადეები მაინც დაუსჯელები რჩებიან. ზოგჯერ ძალადობის მსხვერპლი ეჩვევა, ეგუება ძალადობას და ის, რაც მის თავს ხდება, ნორმა ჰგონია იქამდე, ვიდრე სავალალო ფაქტის წინაშე არ დადგება - ეს ფაქტი კი შესაძლოა, ყველაზე ძვირად, სიცოცხლის ფასად ღირდეს. მსხვერპლი მარტოა, იგი ვერავის ხედავს დამცველად, ვერც ოჯახის წევრს, ვერც ნათესავს, ვერც მეზობელს და მითუმეტეს სრულიად უცხო ადამიანს. სამწუხაროდ, საზოგადოება არ იცავს ძალადობის მსხვერპლს, მუდმივად ჩუმადაა, განზე დგას და როდესაც ტრაგედია დატრიალდება, მხოლოდ მაშინ არღვევს ამ მდუმარებას ან არც მაშინ. როგორ იცავს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს? სამწუხაროდ, 100%-ით ვერც სახელმწიფოსგან გრძნობს ძალადობის მსვერპლი დაცულობას. ვიღაცას ინფორმაცია არ აქვს, ვიღაც არ ენდობა და ფიქრობს, რომ აზრი აქვს იმის გამჟღავნებას, რომ მასზე ძალადობენ, რადგან ისეთი ფაქტებიც ხშირად უნახავთ, როცა მოძალადისთვის შემაკავებელი ორდერიც კი არ გამხდარა შემაკავებელი...
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა