რითი განსხვავდება სამეწარმეო საქმიანობის ფორმები და როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი5179 2020.11.17
რითი განსხვავდება სამეწარმეო საქმიანობის ფორმები და როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი

ნებისმიერი ტიპის საქმიანობის დაწყებამდე მისი იურიდიული რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში აუცილებელია.

სამეწარმეო საქმიანობა გულისხმობს არაერთჯერად საქმიანობას, რომლის მთავარი მიზანიც მოგების მიღებაა. თუმცა ამ მიზნის განსახორციელებლად საქმიანობის სხვადასხვა ტიპი არსებობს და რეგისტრაციამდე აუცილებელია, რომ თქვენი მიზნებისა და მოთხოვნებიდან გამომდინარე ზუსტად განსაზღვროთ, ბიზნესი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად დაარეგისტრიროთ, ინდივიდუალურ მეწარმედ თუ კიდევ სხვა რომელიმე ტიპად.

 

წაიკითხეთ: Bpn.ge - https://bit.ly/36YqzOP

 

საადვოკატო ბიურო OK&CG-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი დეტალურად გვესაუბრება, თუ რა განსხვავებაა სამეწარმეო საქმიანობის სხვადასხვა ფორმას შორის და როგორ შევარჩიოთ ჩვენს მიზნებზე მორგებული მათგანი.

ინდივიდუალური მეწარმე

საქმიანობის ეს ფორმა სარეგისტრაციო სიმარტივით გამოირჩევა. ზოგადად, რეგისტრაციის დროს სამეწარმეო სუბიექტებს საიდენტიფიკაციო კოდი ენიჭებათ. ინდ. მეწარმის შემთხვევაში კი ეს კოდი იმ ადამიანის პირადი ნომერია, ვინც მას არეგისტრირებს. გარდა ამისა, ინდ. მეწარმისთვის დოკუმენტბრუნვა გამარტივებულად ხდება. მას წელიწადში მხოლოდ ერთხელ სჭირდება წლიური საგადასახადო ანგარიში, სხვა ტიპის კომერციულ სუბიექტებს კი ეს ვალდებულება თვეში ერთხელ აქვთ. სახელმწიფოს მიერ დაწესებული სხვადასხვა საშეღავათო პირობებიც, როგორც წესი, ინდ. მეწარმეებისთვის არის განკუთვნილი. მათ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, როგორც მცირე მწარმედ, ასევე, მიკრო მეწარმედ, რაც კიდევ უფრო უმარტივებს საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას.

 

ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირების ერთადერთი არახელსაყრელი პირობა არის ის, რომ საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება დამფუძნებელს. ეს ნიშნავს, რომ დამფუძნებელი საქმიანობაზე პასუხისმგებელია მთელი თავისი პირადი ქონებით. შესაბამისად, საქმიანობის დროს თუ მას საგადასახადო ორგანოებთან ან მესამე პირებთან ფინანსური ვალდებულებები აღმოაჩნდება, რომელსაც ინდ. მეწარმე ვერ ასრულებს, დაფუძნებელი ვალდებულია ის პირადი ქონებით დაფაროს. სამწუხაროდ, ხშირად უწევთ ხოლმე პასუხისგება საკუთარი სახლით, მოძრავი და უძრავი ქონებით იმ გადაცდომებისთვის, რომელიც საქმიანობაში ჰქონდათ. ეს საკითხი ხშრად იწვევს უკმაყოფილებას საქმიანობის აღნიშნული ფორმის მიმართ და ამიტომ კომერციული პირები ცდილობენ ხოლმე დარეგისტრირდნენ შპს–დ და არა – ინდ. მეწარმედ.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, სამეწარმეო საქმიანობის ეს სუბიექტი შეზღუდულად აგებს პასუხს. ეს ნიშნავს რომ, საქმიანობის დროს დამფუძნებლები, ხელმძღვანელები ან პარტნიორები პირადად არ აგებენ პასუხს. პასუხისგება ხდება მხოლოდ ორგანიზაციის სახელით ანუ ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ფინანსური აქტივებით. ეს საკითხის მეტად ხელსაყრელი გადაწყვეტაა თავად მეწარმისთვის.

შპს-დ საქმიანობა უფრო კომფორტულია, როდესაც დამფუძნებელი ერთი ადამიანია და რამდენიმე დამფუძნებელს არ უწევს გადაწყვეტილების ერთობლივად მიღება.

საქართველოს კანონდმებლობით, შპს–ს დაფუძნება შესაძლებელია ისე, რომ მას არ გააჩნდეს არანაირი ფინანსური აქტივი. ეს კი გარკვეულწილად სარისკოა, რადგან როგორც უკვე ითქვა, გადაცდომების შემთხვევაში კომპანია მხოლოდ საკუთარი აქტივებით აგებს პასუხს და არა დამფუძნებლის ქონებით. ეს საკითხი გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობას. ამიტომ შპს–სთან თანამშრომლობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ მათ შეიძლება გარკვეული შეცდომების და გადაცდომების ანაზღაურება ვერ მოახერხონ.

სააქციო საზოგადოება

საქმიანობის ეს ტიპი შეიძლება დააფუძნოს როგორც ფიზიკურმა პირმა, ისე კომპანიამ. სააქციო საზოგადოებას ჰყავს როგორც დამფუძნებლები და პარტნიორები, ისე აქციონერები. აქციები ნიშნავს სხვადასხვა ფინანსური საჭიროების ან ფინანსური ოპერაციის დროს აქციების გამოშვებას და გაყიდვას. ამ დროს ნებისმიერ პირს შეუძლია აქციების ყიდვა და საზოგადოების აქციონერობა. თუმცა ისინი მართვაში მონაწილეობას არ იღებენ. სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის.

სააქციო საზოგადოება შედარებით უფრო რთული სამეწარმეო სუბიექტია. როგორც წესი, ის დიდ კომპანიებსა და კომპანიათა გაერთიანებებში გამოიყენება. საქართველოში უფრო იშვიათად გვხვდება.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება

საქმიანობის ეს ფორმა ორგანიზაციულად წააგავს შპს–ს, თუმცა პასუხისმგებლობის ნაწილში ის ინდ. მეწარმის წესებს ითვალისწინებს. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ვალდებულია აწარმოოს და ყოველთვიურად წარადგინოს ანგარიშგება, ჰყავდეს ხელმძღვანელი, მიიღოს გადაწყვეტილებები პარტნიორთა კრებით, ჰყავდეს დასაქმებული პირები და ეწეოდეს საქმიანობას, როგორც შპს. თუმცა მისი დამფუძნებლები შპს–სგან განსხვავებით პასუხს მთელი თავისი ქონებით აგებენ. სწორედ ესაა მიზეზი, რომ აღნიშნული ორგანიზაციული ფორმა საქართველოში ნაკლებად გამოიყენება.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელწოდებაში აუცილებელია ერთ–ერთი დამფუძნებლის ინციალების ჩანდეს.

კომანდიტური საზოგადოება

კომანდიტური საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. დამფუძნებლები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. თუმცა ამ შემთხვევაში დამფუძნებლების ორი ტიპი არსებობს: კომანდიტები და კომპლემენტარები. კომპლემენტარები არიან პარტნიორები, რომლებიც საზოგადოებისა და კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მთელი თავისი ქონებით. კომენდატორები კი მხოლოდ თავისი შენატანებით აგებენ პასუხს სამეწარმეო საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალდებულებების მიმართ. საზოგადოების მართვაშიც მონაწილეობას მხოლოდ კომპლიმენტარები იღებენ.

თავისებურება კომანდიტური საზოგადოების სახელდებაშიც გვხვდება. აუცილებელია მასში იყოს აბრევიატურა კ.ს. (კომანდიტური საზოგადოება), რომელსაც მოჰყვება ერთ–ერთი დაფუძნებელი პირის ან კომპანიის სახელი.

კოოპერატივი

საქმიანობის ეს ტიპი სრულიად განსხვავდება სხვა ტიპებისგან. ის არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურენობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება. კოოპერატივში წევრები თავიანთი ფიზიკური შრომით ერთიანდებიან და უკეთესი ნედლეულის მისაღებად შრომობენ. კოოპერატივის მთავარი მიზანია არა მოგების მიღება, არამედ მეტი მატერიალური აქტივის ანუ ნედლეულის მიღებაა. ასეთი კოოპერატივები ძირითადად გვხვდება სოფლის მეურნეობაში.