რა ბედი ელის ფინანსურ ვალდებულებებს კომპანიის ლიკვიდაციის დროს – ადვოკატი ანა გორდეზიანი1569 2020.11.17
რა ბედი ელის ფინანსურ ვალდებულებებს კომპანიის ლიკვიდაციის დროს – ადვოკატი ანა გორდეზიანი

კოვიდ 19–ით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ადამიანების ჯანმრთელობა და მათი ცხოვრების ხარისხი, თუმცა მეორე მხრივ არანაკლებ ნეგატიური გავლენა იქონია ეკონომიკასა და ბიზნესზე.

თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ერთი ჩავლითაც კარგად ჩანს, თუ რამდენი მაღაზია თუ სხვადასხვა სახის დაწესებულება დაიკეტა უკანასკნელ პერიოდში. სამწუხაროდ, ყოველთვიურად უფრო მეტი კომპანია კოტრდება, ვეღარ აგრძელებს საქმიანობას ეკონომიკური კრიზისის გამო და საქმიანობის შეჩერება უწევს. ბევრი ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე და ვერ ახერხებს სხვადასხვა სახის ფინანსური ვალდებულების პირნათლად შესრულებას. ბიზნეს სუბიექტებს კი რჩებათ ბევრი გადაუხდელი გადასახადი და საბანკო ვალდებულება.

 

წაიკითხეთ: bpn.ge - https://bit.ly/3kBsDRn

 

რა ფორმალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო კომპანიების ლიკვიდიაციის დროს და რა ბედი ელის დარჩენილ ვალდებულებებს – ამ კითხვებზე იუ­­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია OK&CG–ის სა­სა­მარ­თლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი/ად­ვო­კა­ტი ანა გორ­დე­ზი­ა­ნი სა­უბ­რობს.

ვის შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ და ვინ წარმართავს ლიკვიდაციის პროცესს?

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი განსაზღვრავს საწარმოს ლიკვიდაციის წესს. მითითებული კანონის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს საერთო კრებაზე შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ.

პარტნიორებს, ასევე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს) შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ საწარმოს ლიკვიდაციას (ლიკვიდატორები).

როდესაც კომპანია საქმიანობას აჩერებს, საჭიროა თუ არა ამის ოფიციალურად გაფორმება?

პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან

რა ვალდებულებები აქვს კომპანიას ლიკვიდაციის პროცესის დაწყების პროცესში?

საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციისთანავე საწარმოს პარტნიორებმა საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს უნდა გაუგზავნონ წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს კრედიტორთა დაკმაყოფილების ვადები.

საწარმოს ქონების რეალიზაციის დაწყებამდე საწარმო (ლიკვიდატორი) ვალდებულია ნებისმიერ პირს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს საწარმოს ცნობილ კრედიტორთა დაზუსტებული სია.

საწარმოს შეუძლია აღნიშნული დაზუსტებული სია გამოაქვეყნოს ასევე პერიოდულ გამოცემაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში.

საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის განმავლობაში დაუშვებელია საწარმოს ქონების გასხვისება, დატვირთვა ან კრედიტორების საზიანოდ სხვა ქმედების განხორციელება.

ლიკვიდაციის ეტაპზე ხდება თუ არა გამოკვლევა კომპანიის ვალდებულებების და როგორ იფარება სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება?

საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების 90-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ორი თვისა. განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის გაშვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონეა.

ხოლო რაც შეეხება სხვა სახის ვალდებულებებს, როგორც უკვე აღინიშნა საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად კომპანიამ მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები.

კომპანიის მიერ მითითებულ მოქმედებათა განუხორციელებლობის შემთხვევაში არ მოხდება მისი ლიკვიდაცია.

რა ვადებთან არის დაკავშირებული საწარმოს ლიკვიდაცია?

საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 4 თვისა, ხოლო საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შემთხვევაში − საგადასახადო შემოწმების დასრულების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი პირი/პირები იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.