რას ნიშნავს და როდის ხდება სარჩელის უზრუნველყოფა?6745 2021.06.09
რას ნიშნავს და როდის ხდება სარჩელის უზრუნველყოფა?

                   სარჩელის უზრუნველყოფა არის გადაწყვეტილების რელურად აღსრულებისთვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისთვის ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198 მუხლში გათვალისწინებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეები: ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე; მოპასუხისთვის გარკვეული ქმედების განხორციელების აკრძალვა; ამავე მუხლის „გ“ პუნქტის ნორმატიული შინაარსი, (რომელიც ითვალისწინებს სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას იმ პირობებში, როდესაც ამ ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულ ზიანს) გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი №1/5/675,681 გადაწყვეტილებით; ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება; სააღსრულებლო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონის საფუძველზე. სასამართლოს, მოსარჩელეს მოთხოვნით ასევე შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებები (მაგალითად აუკრძალოს ქონების რეალიზაცია, ან იპოთეკით, გირაოთი დატვირთვა), ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში რამდენიმე ერთად. თუ მხარეები მოითხოვენ, შესაძლებელია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის დაწერისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს.

ყადაღის დადება როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება

სასამართლოს შეგიძლიათ მიმართოთ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს იმ გარემოებებზე მითითებას რომლებიც გააძნელებს, შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან ისეთ ზიანს გამოიწვევს, რომელიც ვერ ანაზღაურდება. უნდა მივუთითოთ თუ რა სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მიიჩნევთ აუცილებლად. განცხადებას ყადაღის დადების მოთხოვნაზე თან უნდა დაერთოს ცნობა, საჯარო რეესტრიდან ან დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება, ასევე უნდა გადაიხადოთ სახელმწიფო ბაჟი და ქვითარი წარმოადგინოთ განცხადებასთან ერთად. გადასახადი ფიზიკური პირისთვის არის 50 ლარი, ხოლო იურიდიულისთვის 150 ლარი, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბაჟის გადახდევინება თითოეულ მოთხოვნაზე ხდება ცალ-ცალკე, მაგალითად თუ ორი უძრავი ქონების დაყადაღებას ითხოვთ და ხართ ფიზიკური პირი, მოგიწევთ ორჯერ გადაიხადოთ 50 ლარი. წარმოებაში გამოიყენებენ ყადაღის დადებას საბანკო ანგარიშზეც, ეს უზრუნველყოფის ღონისძიების უკიდურესი ფორმაა და უნდა ემსახურებოდეს მიზანს, შექმნას გარანტია მოთხოვნის შესასრულებლად. იმ შემთხვევაში თუ მეწარმე სუბიექტთან გვაქვს საქმე მოსარჩელე ყველანაირად უნდა შეეცადოს მოპასუხის ქონების შესახებ მიიღოს ინფორმაცია, ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ მას ქონება არ გააჩნია, შესაძლებელია დაყადაღდეს სუბიექტის ანგარიშზე არსებული თანხა მოთხოვნის ფარგლებში. თუ მოპასუხეს ზიანი ადგება ყადაღით, შეუძლია საჩივრის განხილვის ეტაპზე ზიანის მიყენების ფაქტი დაადასტუროს მტკიცებულებებით და მოითხოვოს ამ უზრუნველყოფის სახის შეცვლა სხვა სახის ღონისძიებით. აქვე გეტყვით იმასაც რომ ზოგჯერ ყადაღის დადების მოთხოვნა საკმაოდ სარისკოა, რადგან შესაძლოა ამით მოპასუხე მხარეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს, მან კი გიჩივლოთ და მოითხოვოს იმ მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა ყადაღის დადების შედეგად. იმისთვის, რომ იყოთ დაცულები მიმართეთ ადვოკატს, ის გაგიწევთ კონსულტაციას და გეტყვით რისი მოთხოვნა იქნება უფრო სწორი რომ არ დაზარალდეთ. ყადაღის საგნის შეცვლასთან დაკავშირებით ნამსჯელი აქვს უზენაეს სასამართლოს და საქმეზე №ას-1185-1114-2012 სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია რომ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში, გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაში ყოველგვარი დასაბუთებისა და ამ საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებული რისკების გამორიცხვის გარეშე შეიტანა ცვლილება. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი დაყადაღებული ქონების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად, ვერ დასტურდება, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სრულად იქნება უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების აღსრულება დაყადაღებული ქონებიდან. თვლის, რომ ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული სააპელაციო პალატის დასკვნა, დავის საგნის ღირებულებისა და სანაცვლოდ შემოთავაზებული დასაყადაღებელი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით და სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა ადეკვატურია. ასევე არსებობს თბილისის სააპელაციო სასმართლოს განჩინება №2ბ/5087-14. ი/მ ა.ზ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, ზემდგომ ინსტანციაში საქმის განხილვა მოხდა ზეპირი მოსმენის გარეშე და მხარეს უარი ეთქვა უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლაზე, რადგან განსახილველ შემთხვევაში, ი/მ ა. ზ.-მ იშუამდგომლა, რომ დაყადაღებული მოძრავი ქონების ნაცვლად ყადაღა დადებოდა მის საბანკო ანგარიშებს თიბისი ბანკში. თუმცა, ფაქტი მასზედ, რომ მოპასუხეს მითითებულ ბანკში ერიცხებოდა სასარჩელო განცხადებით სადავოდ გამხდარი თანხების ოდენობით ფული, მტკიცებულებებით დადასტურებული არ ყოფილა. აღნიშნული გარემოება საჩივრის ავტორმა ვერც საჩივრის წარმოდგენის ეტაპზე დაადასტურა. შესაბამისად, პალატა მოკლებულია ფაქტობრივ შესაძლებლობას ი/მ ა. ზ.-ს საჩივარი საფუძვლიანად მიიჩნიოს საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების გზით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ჩანაცვლების ნაწილში.

რა იგულისხმება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულებაში?

აქ იგულისხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. აღსრულების მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თან უნდა იქონიოთ სააღსრულებო ფურცლის დედანი; პირადობის მოწმობა; გადაწყვეტილების დამოწმებულია ასლი; სერვისის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ თავად არ ხართ განმცხადებელი და მაგალითად სარგებლობთ ადვოკატის მომსახურებით უნდა წარმოადგინოთ რწმუნებულება. სააღსრულებო ფურცლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღეში კი უნდა გადაიხადოთ აღსრულების საფასური. რაც შეეხება ვადებს სასამართლო განჩინების აღსრულება ხორციელდება დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების აღსრულებისთვის გათვალისწინებული წესით.

©ლიკა ნახუცრიშვილი 

მსგავსი სიახლე: ყადაღა