შეიძლება თუ არა იურიდიული პირი სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს?1238 2021.06.14
შეიძლება თუ არა იურიდიული პირი სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს?

იურიდიული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, 2006 წლიდან უკვე წარმოადგენს ჩადენილი დანაშულის გამო დასჯის სუბიექტს. მას პასუხისმგებლობა ეკისრება სსკ-ით გათვალისწინებული იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია მისი სახელით პასუხისმგებელი პირის მიერ; პასუხისმგებელ პირად ითვლება ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ადამიანი. იურიდიული პირისთვის გათვალისწინებულ, სისხლისსამართლებრივ სასჯელებს მიეკუთვნება: საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; ლიკვიდაცია; ჯარიმა; ქონების ჩამორთმევა.

 

იურიდიული პირის სასჯელის სახეები

ლიკვიდაცია - გამოიყენება თუ დადგინდება, რომ დანაშაულებრივი საქმიანობა წარმოადგენდა იურიდიული პირის შექმნის ძირითად მიზანს, სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორს, რომელიც იურიდიული პირის ლიკვიდაციას უზრუნველყოფს. გამონაკლისია კომერციული ბანკები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები, რომელთა ლიკვიდაციასაც ახორციელებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. შემდეგი სახეა საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, რომელიც გულისხმობს იურიდიული პირისთვის საქმიანობის ჩამორთმევას უვადოდ, ათ წლამდე ვადით ან საქმიანობის ერთი რომელიმე სახის აკრძალვას. გამოიყენება იმ საქმიანობაზე, რომლის განხორციელებისას, ან მასთან დაკავშირებით იქნა ჩადენილი. ხოლო ქონების ჩამორთმევაში იგულისხმება დანაშულის საგნის ან იარაღის, მის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან ამ გზით მოპოვებული ქონების (ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავალი) სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ იურიდიული პირი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში შედის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისმგებელია სხვა იურიდიული პირების მსგავსად. ამ საკითხში კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მომართოთ კვალიფიციურ ადვოკატს რომელიც გაგიწევთ შესაბამის დახმარებას.

როგორ მივიღოთ იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა?

იმისთვის რომ ავიღოთ აღნიშნული ცნობა უნდა მივმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ს მომსახურების სააგენტოს და წარვადგინოთ დაინტერესებული პირის განცხადება; დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობა; მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ მომსახურების გაწევა ხდება სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე მესამე პირის მოთხოვნით, მან უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადვოკატი ან სხვა პირი; კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ხუთ სამუშაო დღეში ცნობის ღირებულება გახლავთ 20 ლარი, სამ სამუშაო დღეში - 35, ხოლო ერთ სამუშაო დღეში კი 45 ლარი.

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი ტატია:იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა