რა შემთხვევაში შეიძლება, დაკარგოთ საქართველოს მოქალაქეობა?3110 2021.06.28
რა შემთხვევაში შეიძლება, დაკარგოთ საქართველოს მოქალაქეობა?

პირის სამართლებრივი კავშირი ჩვენს ქვეყანასთან არის საქართველოს მოქალაქეობა. იგი მოიპოვება დაბადებიდან ან ნატურალიზაციით (საქართველოს პრეზიდენტის მიერ). მოქალაქეობის მინიჭების რამდენიმე წესი არსებობს: ესენია გამარტივებული (საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ: ფლობს ქართულ ენას; ისტორიას), ჩვეულებრივი (ეძლევა სრულწლოვან პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში; ფლობს სახელმწიფო ენას, იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. Ასევე მოიაზრება სამუშაო ადგილის ან უძრავი ქონების მქონე პირი ჩვენს ქვეყანში) მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს სააპელაციო სასამართლოს საქმეს: №3ბ/1474-15 15 . საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ისე, რომ არ ექნება კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც საგამონაკლისო წესით აქვს მას მიღებული მოქალაქეობა, ან თანხმობა აქვს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე; მოქალაქეობის მოპოვება თუ მოხდება ყალბი დოკუმენტის წარდგენის გზით; მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას.

 

როგორ ხდება მოქალაქეობის აღდგენა?

 

საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება აღგიდგეთ იმ შემთხვევაში თუ შეგიწყდათ არამართლზომიერად; მშობლის არჩევანის გამო ან მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად. თუ გსურთ მოქალაქეობის აღდგენა უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას. დამატებითი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს. იმისათვის რომ განხილული იქნეს თქვენი საკითხი შესაბამის ორგანოში უნდა წარადგინოთ განცხადება ქართულ ენაზე, (ასევე შესაძლებელია შესაბამისი წესით დამოწმებული ქართულ ენოვანი თარგმანი) რომელიც შევსებული იქნება დადგენილი ფორმის მიხედვით; ფოტო სურათი 3X4; მომსახურების საფასურისგადახდის ქვითარი; დამატებით კი იმ დოკუმენტების ასლები რომლითაც დასტურდება რომ პირი ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ. ამ საკითხზე წერილობითი განცხადების შეტანა შეუძლია თავად მოქალაქეობის აღდგენის მსურველს, მისი უფლებების დამცველს (ადვოკატს), ან პირს რომელისაც აქვს მინიჭებული მინდობილობა. განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. მომსახურების საფასური - 30 დღეში გახლავთ 100 ლარი. ხოლო 20 დღეში 150 ლარი. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლებით სარგებლობს: პირი რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა დაკარგა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო, 2022 წლის 31 დეკემბრამდე უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. აღუდგება იმ შემთხვევაში, თუ ფლობს ქართულ ენას; ასევე უნარჩუნდება სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

 

როგორ უნდა შევინარჩუნოთ საქართველოს მოქალაქეობა?

 

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ხდება თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე მიიღებს თანხმობას ჩვენი ქვეყნისგან შენარჩუნებაზე. შესაბამისი ორგანო თანხმობას გასცემს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან კავშირი იქნება სარწმუნოდ ჩათვლილი. თუ საქმე გვაქვს არასრულწლოვანთან რომელიც დაბადებით საქართველოს მოქალაქეა, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში მას უნარჩუნდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შემდეგაც თუ ამ პერიოდის განმავლობაში მიმართავს შესაბამის ორგანოს განცხადებით, ხოლო მიუმართაობის შემთხვევაში შეუწყდება. შენარჩუნება დასაშვებია მშობლის ან არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის საშუალებით. მსურველმა უნდა წარადგინოს იუსტიციის სახლში ან შესაბამის ორგანოში შესაბამისი ფორმით შევსებული განცხადება (ქართულ ენაზე ან შესაბამისად დამოწმებული ქართული თარგმანით და ფოტო სურათი 3X4 -ზე. განცხადების შევსება შეგიძლიათ ელექტრონული ფორმის საშუალებითაც. მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ, რომელიც ამ საქმეებს განიხილავს შესაძლოა მხედველობაში მიიღოს ბიოგრაფიული ცნობები, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ შეაფასონ ამ პირის კავშირი საქართველოსთან; უძრავი ქონების ფლობა, საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში; ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან. Მომსახურების საფასური შეადენს 80 დღის განმავლობაში 250 ლარს; 60 დღე - 350 ლარი; ხოლო 30 დღე 500 ლარი. მოქალაქეობის შენარჩუნების განხილვის ვადა ამ შემთხვევაშიც არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის, ან განცხადების შედგენასა და წარდგენაში დასახმარებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს.

 

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი სტატია: რა შემთხვევაშია საჭირო საქართველოს მოქალაქეობის დადგენა; ახალი კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ