როგორ ხდება არასწორი სამედიცინო დიაგნოზით  მიყენებული ზიანის ანაზღაურება2408 2021.07.23
როგორ ხდება არასწორი სამედიცინო დიაგნოზით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ალბათ ნებისმიერ ადამიანს დასჭირვებია სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა მაგრამ უმეტესობა მათგანმა არ იცის რა უფლებები და მოვალეობები გააჩნია.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს მომსახურება სამედიცინო დაწესებულებისგან (რომელიც ოფიციალურად აღიარებულია); პაციენტს შეუძლია მეორე აზრის მოსასმენად მიმართოს სხვა სამედიცინო დაწესებულებას, ექიმს, აირჩიოს ან შეცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულება; საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია (ან უარი განაცხადოს) იმ ფაქტორების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მასზე; მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია განაცხადოს უარი სამედიცინო მომსახურებაზე; პირს უფლება აქვს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევის, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო მომსახურების გაწევა. პაციენტს, მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეუძლია მიმართოს სასამართლოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის კომპენსაციისთვის, რომელიც გამოწვეულია მცდარი სამედიცინო ქმედებით, პაციენტის უფლების დარღვევით, სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების ხარვეზით, სახელმწიფოს მიერ არასწორად განხორციელებული რეგულაციებითა და ზედამხედველობით; თუ საქმე გვაქვს სამედიცინო პერსონალის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერებასთან ან გაუქმებასთან; შეიცვალა სახელმწიფო სამედიცინო და სანიტარული სტანდარტები. თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს.

 

ექიმის მართლსაწინააღმდეგო ქმედება

მართლსაწინააღმდეგო სამედიცინო მკურნალობად შესაძლოა ჩაითვალოს ნებისმიერი ჩარევა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში თუ მას წინასწარი თანხმობა არ განუცხადებია მომსახურებაზე. თუ ექიმი მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას არღვევს, საქმე გვაქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, ასევე თუ არ არსებობს ხელშეკრულება და ექიმის ქმედება არ შეესაბამება აღიარებული სამედიცინო სტანდარტებით პაციენტის მკურნალობასა და მოვლის წესებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა: მკურნალობის დროს დაშვებული შეცდომა; არასწორი სამედიცინო კონსულტაცია და დიაგნოზი; სამედიცინო პერსონალის მიერ კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა, წესების დაუცველობა. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებად უნდა ჩაითვალოს ასევე ექიმის არაკვალიფიციური უმოქმედობაც, მაგალითად, როდესაც ექიმი არ ნიშნავს მოცემულ შემთხვევაში საჭირო გამოკვლევას, რამაც შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს. პაციენტისთვის მიყენებული ზიანი, მაგალითად გაუფრთხილებლობით, ითვლება ექიმის შეცდომად, იგი შესაძლოა გამოწვეული იყოს არასათანადო სამედიცინო განათლებით, სიახლეების არცოდნით, პროფესიული სისუსტე კი არ წარმოადგენს გამამართლებელ გარემოებას, ამიტომ ითვლება დარღვევად.

შეიძლება თუ არა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა?

პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ექიმს, ექთანს, მედიცინის სხვა მუშაკს ან სამედიცინო დაწესებულებას უჩივლოს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში, ჯანმრთელობის დაცვის მართვის ორგანოში, სასამართლოში, ან დავის გამრჩევ სხვა ორგანოში (კანონი ჯანდაცვის შესახებ 104 მუხლის მიხედვით). ჯანმრთელობის უფლების დაცვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და იგი მოწესრიგებულია სპეციალური კანონებით. მისი დარღვევით მიყენებული ზიანი იწვევს სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. დაზარალებულ პირს შეუძლია, თავისი უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს სარჩელით. ასეთ დროს შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი უფლებების დაცვაში.

მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი პირისთვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ეს კი უტყუარად უნდა დადგინდეს. თუმცა უნდა გვახსოვდეს ის, რომ უშედეგო მკურნალობა ან მისი უარყოფითი შედეგები ავტომატურად არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხს.

სამედიცინო მომსახურების არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა-ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში პაციენტს ქონებრივ ზიანთან ერთად შეუძლია, მოითხოვოს არაქონებრივი – მორალური ზიანის ანაზღაურება.

სასამართლო პრაქტიკა

გვინდა გაგაცნოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი N 58240/08). საქმე ეხება მომჩივანის შვილს გ.ბ -ს რომელიც ელექტრო სადენების შეკეთებისას ამწიდან ჩამოვარდა და გადაყვანილ იქნა ბათუმის N1 საავადმყოფოში, კერძოდ კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, პირს გატეხილი ჰქონდა თავის ქალა და აღენიშნებოდა თავის ტვინის დაზიანება. ექიმებმა მიჩნიეს რომ ამ ადამიანს ჰქონდა კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, რის გამოც დაუნიშნეს შესაბამისი მკურნალობა, მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო გადაიყვანეს ჩვეულებრივ პალატაში, შემდეგომ კი სიტუაციის გართულებიდან გამომდინარე უკან დააბრუნეს ინტენსიურ თერაპიაში, თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენის გამო, რომლის შესაჩერებლადაც ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, მაგრამ პაციენტი მალევე გარდაიცვალა. ამ საკითხთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე შესაბამისი საავადმყოფოს ექიმთა გაუფრთხილებლობის გამო, რომელზეც მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. სისხლის სამართლებრივი წესით საქმის წარმოება შეწყვიტა პროკურორმა, რადგან არც თავდაპირველად და არც შემდგომ არ მიეცა გამოძიებას საშუალება ჩაეტარებინა ექსპერტიზა რომელიც დაადგენდა პირის გარდაცვალების მიზეზს. ამის შემდეგ მომჩივანმა საჩივარი შეიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საავადმყოფოს, მისი პერსონალისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. იგი ამტკიცებდა, რომ მისი შვილის სიკვდილი გამოწვეული იყო სამედიცინო გაუფრთხილებლობით, სახელდობრ, მუცლის ღრუდან სისხლდენის არასწორი და დაგვიანებული მკურნალობით. სასამართლომ დააკმაყოფილა აღნიშნული სარჩელი, ექსპერტიზის დასკვნებსა და საქმის მასალებში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. სასამართლომ დაასკვნა, რომ საავადმყოფოს ექიმებს ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა სამედიცინო შეცდომისთვის, რამაც გამოიწვია პაციენტის სიკვდილი. ასევე აღნიშნა, რომ პაციენტის მკურნალობაში მონაწილე ექიმები არ ფლობდნენ სათანადო ლიცენზიებს და გაიზიარა დასკვნა, რომ მას არ მიეწოდა სათანადო მკურნალობა. მომჩივანს მიეკუთვნა 2 756 ლარი, რომელიც გადასახდელად სათანადო მოპასუხეს, საავადმყოფოს დაეკისრა. გადაწყვეტილება გაასაჩივრეს როგორც მომჩივანმა, ისე მოპასუხემ არ დაეთანხმნენ რა, სასამართლოს შეფასებას ფაქტობრივ გარემოებებსა და მიკუთვნებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა. უზენაესმა სასამართლომ საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაადგინა, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზნის დადგენა შეუძლებელი იყო გვამის ექსჰუმაციის გარეშე, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ სიკვდილის მიზეზი იყო გასტროდუოდენალური სისხლდენა და, რომ სამედიცინო შეცდომა იქნა დაშვებული ქირურგიული ოპერაციის ჩატარების დროსთან და სხვადასხვა მონაცემის არასწორ შეფასებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ საავადმყოფო სამედიცინო საქმიანობას ახორციელებდა ლიცენზიის გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეუერთდა საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით მთავრობის საწინააღმდეგო მოსაზრებას მსხვერპლის სტატუსთან მიმართებით და უკუაგდო იგი; დაადგინა. რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალური ნაწილის დარღვევას; ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას სისხლისსამართლებრივ დაცვის საშუალებასთან მიმართებით; თვლის რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას სამოქალაქო სამართლებრივ დაცვის საშუალებასთან მიმართებით.

©ლიკა ნახუცრიშვილი