როგორ და სად შევიტანოთ სააპელაციო საჩივარი?3148 2021.07.26
როგორ და სად შევიტანოთ სააპელაციო საჩივარი?

         სააპელაციო საჩივრის ობიექტია პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივრის შემტან პირს ეწოდება აპელანტი. მან უნდა შეიტანოს, სააპელაციო საჩივარი, წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებასაც ასაჩივრებს. საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება, აღდგენა დაუშვებელია და ათვლა იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლო, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას, თბილისის სააპელაციო ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა ან ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კონკრეტულ მოსამართლეს ევალება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებამდე შეამოწმოს მისი დასაშვებობა. სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ იგი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ.

ვის აქვს უფლება გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება?

ადმინისტრაციულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვს: მხარეებს; მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით; მათ უფლებამონაცვლეებს; თანამონაწილეებს, მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში; პირებს, რომლებიც არ მონაწილეობენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთერთი მხარის მიმართ. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო საჩივარი: საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე; საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე; სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე; საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე; კერძო საჩივარზე; ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავაზე საიჯარო ურთიერთობის თაობაზე; პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებულ დავაზე. სააპელაციო სასამართლოში თქვენი უფლებების დასაცავად შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს.

რა თანხა უნდა შეიტანოთ და რა ვადაში გამოაქვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საჩივრის თაობაზე?

საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე, მისი გაგრძელება აღდგენა დაუშვებელია, ათვლა იწყება მხარისთვის განჩინების ჩაბარების, ან მხარისთვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების წუთიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება მისი ასლის მხარეთათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სასამართლოს განჩინება გამოაქვს კერძო საჩივრის მიღებიდან ორი თვის ვადაში.  კერძო საჩივრის სააპელაციო სასამართლოში შესატანად შეგიძლიათ  მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს. 

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი სტატიები: სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავებს ერთპიროვნულად განიხილავს.