ვინ არის მემკვიდრე? 4999 2021.10.07
ვინ არის მემკვიდრე?

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ხშირად მომართავენ მემკვიდრეობით სამართალთან დაკავშირებული კითხვებით. განსაკუთრებით აქტუალურია, თუ ვინ შეიძლება, იყვნენ მემკვიდრეები და როგორ ხდება მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული ქონების სხვა პირებზე, ანუ მემკვიდრეებზე გადასვლა.

 არსებობს მემკვიდრეობის მიღების ორი სახე: კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონების მემკვიდრეობით სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) გადასვლა ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე, მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. არსებობს კანონით მემკვიდრეთა 5 რიგი. წინა რიგის ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობაც კი გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

მაგ: თუ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალია პირველი რიგის მემკვიდრე და იგი ღებულობს მემკვიდრეობას, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები ვერ მიიღებენ სამკვიდოს. ან თუ პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები არ არსებობენ და არსებობს მესამე რიგის ერთი მემკვიდრე მაინც, მაშინ მეოთხე რიგის მემკვიდრე ვერ მიიღებს სამკვიდროს.

I რიგის მემკვიდრეები: შვილები (მათ შორის გარდაცვალების შემდგომ დაბადებული), მეუღლე, მშობლები.

II რიგის მემკვიდრეები: და-ძმა

III რიგის მემკვიდრეები: ბებია-პაპა

IV რიგის მემკვიდრეები: ბიძნები, დეიდები და მამიდები

V რიგის მემკვიდრეები: ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი

 

ანდერძით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ (მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა), აგრეთვე, იურიდიული პირები.

  მემკვიდრეობით სამართალთან დაკავშირებულ საკითხებზე დაუკავშირდით იურისტს