გამოხატვის თავისუფლებისა და კერძო პირის ღირსების ურთიერთშებოჭვა 1374 2022.01.10
გამოხატვის თავისუფლებისა და კერძო პირის ღირსების ურთიერთშებოჭვა

ადამიანის ღირსება,სხვა უფლებებთან ერთად, ერთ-ერთი ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებაა,თუმცა შეიძლება ითქვას,რომ იგი არაა აბსოლუტური ხასიათის. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ის, რომ იგი შეიძლება შეიზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხარჯზე,რომელიც აგრეთვე წარმოადგენს ერთ-ერთ კონსტიტუციურ ღირებულებას,მაგრამ შეზღუდვა ერთია და შეზღუდვის სტანდარტების გაგება და გააზრება მეორე.სწორედ ამ შეზღუდვის ფარგლების გაგება და გააზრება საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას,რადგან საკმაოდ რთულია მათ შორის გავავლოთ მკვეთრი საზღვრები.

   საზოგადოების წიაღში წარმართული დისკუსიები ხშირად უარყოფითად უკავშირდება ცალკეულ პიროვნებებსა თუ გარკვეულ ჯგუფებს,განსაკუთრებით კი ისეთ პოლარიზებულ გარემოში,რომელშიც ჩვენი ქვეყანაა.სწორედ აღნიშნული იწვევს ესკალაციას საზოგადოების წევრებს შორის,ამის მაგალითი კი მრავალია ჩვენს ქვეყანაში. ალბათ,არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით,რომ სოციუმის დიდ ნაწილს უჭირს ერთმანეთისაგან განასხვავოს აზრის კორექტულად,მშვიდობიანად გამოხატვა ადრესატის შეურაცხყოფისაგან,რასაც,რა თქმა უნდა, თან ახლავს შესაბამისი პიროვნების ღირსების შელახვა.დღესდღეობით,თავის მხრივ,ქართულ კანონმდებლოაბასა და სასამართლო პრაქტიკაში არ არის ზუსტი საზღვრები იმისა,თუ რაიწვევს ღირსების ხელყოფას,ამიტომაც დღევანდელობაში არც საზოგადოებასა და არც იურიდიულ სფეროში არ არსებობს ამ ორი უდიდესი კონსტიტუციური უფლების დაპირისპირებაში ჩამოყალიბებული ის სტანდარტები,რაც შემდგომში საშუალებას მოგვცემს სრულყოფილად გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან, რა არის გამოხატვის თავისუფლება და რას წარმოადგენს ადამიანის ღირსების შელახვა.

    როგორც უმაღლესი კონსტიტუციური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და ღირსება საჭიროებს დაცვას,რაც ერთგვარად გულისხმობს ამ უფლებებს შორის ოქროს შუალედის,ხაზის დამკვიდრებას,რადგან ისე მოხერხდეს ნებისმიერი უფლების რეალიზება,რომ არ მოხდეს მისი ,,კონკურენტი“,ურთიერთმბოჭავი უფლების ხელყოფა. ,,ლიბერალური დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, რომლის დაცვის სფერო საკმაოდ დიდია“.ამ მოსაზრების ერთგვარი წარმოჩინებაა ევროსასამართლოს პოზიციაც,რომელიც მის სხვადასხვა გადაწყვეტილებაში ნათლადაა მოცემული. ეს ინსტიტუტი უფრო მეტად გამოხატვის თავისუფლებისაკენაა მიმართული, მიუხედავად იმისა,რომ ზოგ გადაწყვეტილებასა და საქმეში ნამდვილად გამოკვეთილია ღირსების,რეპუტაციისა თუ სხვა უფლების დარღვევის რისკები.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო ყოველთვის მხარს არ უჭერს ამ პოზიციას და პატივისა და ღირსების აუცილებლობით ზღუდავს  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

   გამოხატვის თავისუფლებასა და ღირსების უფლებასთან დაკავშირებული ევროსასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წარმოდგენას გვიქმნის ამ ორი ღირებულების ურთიერთბალანსზე,რაც დაგვეხმარება იმაში,რომ მსგავსი სტანდარტები ქართულ რეალობას მოვარგოთ და გამოხატვის ყოველგვარ ფაქტს მივცეთ ზუსტი,დასაბუთებული შეფასება,შესაბამისად,სტატიის მიზანია დადგენილ იქნეს სტანდარტი ,რაც ამ ორ ფასეულობას შორის მოქმედებს.

სასამართლოპრაქტიკა

  • მინდა ვახსენო Hanndyside-ის საქმის განაჩენი,რაც ნიშანდობლივია ჩვენი განსახილველი თემის ფარგლებში.აღნიშნულ საქმეში სასამართლომ შემოგვთავაზა გამოხატვის თავისუფლების ერთგვარი სტანდარტი ,,შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელი“-ამ კრიტერიუმების სახით და აღნიშნა,რომ კონვენციის მეათე მუხლი სხვა უფლებებთან ერთად იცავს ისეთ იდეებს თუ ინფორმაციებს,რომლებიც შესაძლებელია ამ კრიტერიუმების ფარგლებშიც ჯდებოდეს რომელიმე საზოგადოების წევრის ან ჯგუფის მიმართ.აღნიშნულის ანალიზით შეგვიძლია ვივარაუდოთ,თუ როგორი მიდგომაა ევროსასამართლოში,როდესაც საქმე შეეხება ერთდორულად გამოხატვის თავისუფლებასა და პატივისა და ღირსების უფლებას და მათ შორის კონკურენციას.ევროსასამართლოს მიერ გამოყენებული ეს სამი სიტყვა არის ზოგადი დამოკიდებულება მსგავსი ტიპის საკითხების გადაჭრისას,ამიტომ უნდა აღინიშნოს,რომ ,,ეს ფორმულა საერთო სულისკვეთების მაჩვენებელია და არა მზამზარეული ინსტრუქცია მექანიკური გამოყენებისთვის“. აღნიშნული პრინციპი არაა განმსაზღვრელი იმისა თუ რა უნდა იყოს დაცული, არამედ ისაა უფლების შესაძლო დაცვის სტანდარტის ჩამოყალიბების წინაპირობა. მიუხედავად ყველაფრისა,მოცემულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული განმარტება არ უნდა  მივიჩნიოთ ასეთი სახის გამოხატული იდეებისა და ინფორმაციის შეზღუდვის დაცვის იმუნიტეტად.რა თქმა უნდა,შესაძლებელია ეს პრინციპიც იქნას უგულებელყოფილი,თუ დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ეს მნიშვნელოვანი იქნება.აქ ხაზი უნდა გავუსვათ შეზღუდვის პირობას: ,,მნიშვნელოვანი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის“,რაც წარმოადგენს შეზღუდვის მცირე ფარგლებს,რასაც ადასტურებს აღნიშნული გადაწყვეტილების ბოლო აბზაცი: ,,ასეთია პლურალიზმის,ფართო თვალსაწიერისა და შემწყნარებლობის მოთხოვნები,რომლის გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“ ,შესაბამისად შეგვიძლია აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოვაყალიბოთ დასკვნა,რომ დემოკრატიული საზოგადოება თავისთავად საჭიროებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებობასა და მის ბატონობას,მიუხედავად იმისა არის თუარა იგი შეურაცხმყოფელი იდეების ან ინფორმაციის გამოხატვა,მაგრამ მათი შეზღუდვა შესაძლებელია იშვიათ შემთხვევებში მაინც.
  • ჩვენთვის საინტერესო იქნება თუ ზემოთ მოყვანილ გადაწყვეტილებასა და პრინციპს შევადარებთ otto-preminger-institute v. Austria-ის საქმეზე სასამართლოს მსჯელობას,რომლის მიხედვითაც,მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ჩაითვლებოდა საჯარო  დისკუსიებში მონაწილეობად,თუკი იგი ქვეყნის პროგრესს არ დაუკავშირდებოდა.ამ ორი საქმის ანალიზისას იკვეთება განსხვავება,პირველი (Hannduside)გვეუბნება,რომ გამოხატვის თავისუფლება ძალიან გამონაკლის ვითარებაში შეიძლება იქნეს შეზღუდული,ხოლო მეორე-სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შემთხვევაში.ამ ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი მიგდგომებისა,ვფიქრობ,რომ უნდა ვიმსჯელოთ კვლავ სახელმწიფოებრივი საჯარო ინტერესებისა და ლეგიტიმური მიზნის  მნიშვნელობის გააზრებით. ამ მეორე გადაწყვეტილების მოყვანით იმის თქმა მსურს, რომ ევროსასამართლო მართალია ცალკეულ გადაწყვეტილებაში განმარტავს და ერთგვარ ჩარჩო-ფარგლებს გვთავაზობს სხვადასხვა უფლებათა კონკურენციისას თუ რომელი უნდა იქნეს უფრო მეტად დაცული, მაგრამ მათი განზოგადებისა და სხვა საქმეებზე ,,მიბმის“ შესაძლებლობა ძალიან გართულებულია, თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებით, Hanndyside-ის გადაწყვეტილებაში არსებული მიდგომა ლიბერალური მიდგომის შედარებით მკაფიო გამოხატულებაა. ეს ჩარჩო მოითხოვს ვიწრო ინტერპრეტაციას და უნდა მივიჩნიოთ როგორც სახელმძღვანელო პრინციპი და ერთგვარი მინიშნება დასაშვები შეზღუდვის მცირე ფარგლების შესახებ. კონკრეტულ ქეისში მართალია სასამართლომ გამართლებულად ჩათვალა ასეთი განმარტების გაკეთება, თუმცა არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ის ყოველ შემთხვევაში შეიძლება მოქმედებდეს, რადგან: ,,პრეცედენტისა და მასთან ერთად შესაბამისი ზოგადი ხასიათის განმარტებების გამოყენების დროს, აუცილებელია შესაბამის საქმეთა ფაქტობრივი და სამართლერივი კონტექსტების შედარება“.
  • ჩემთვის ასევე საგულისხმოა ევროსასამართლოს წევრის ლუციუს ვილდჰაბერის მოსაზრება,რომლის შეხედულებითაც ,,შეურაცხყოფის უფლება“ ვერ მოიცავს სიძულვილის ენასა და ძალადობისაკენ მოწოდებას,იგი არ არის აბსოლუტური,ასევე აღნიშნავს,რომ ,,შეურაცხყოფის უფლება“ შესაძლოა გამოყენებული იქნეს საჯარო დებატებში თუ კი არსებობს მისი გამოყენების ლეგიტიმური მიზანი და საზოგადოებრივი ინტერესი.
  • ასევე ვახსენოთ საქმე Keller v.Hungary,რომელიც ეხება უნგრეთში განვითარებულ მოვლენებს,რომლის მიხედვითაც, უნგრეთის პარლამენტმა ერთ-ერთი მინისტრი ექსტრემიზმთან ბრძოლის მიმართ ლოიალურობაში დაადანაშაულა,თუმცა მინისტრის ვინაობის დასახელების გარეშე,ტელეგადაცემში კი იმავე თემაზე საუბრისას ამ მინისტრის ვინაობა დასახელდა.უნგრეთის სასამართლოს მოსაზრებით,ეს იყო პოლიტიკური ფიგურისადმი წაყენებული ბრალდება,რომლის გამოხატვაც  ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე დაუშვებელი იყო,პარლამენტმა კი აღნიშნული მინისტრის მიმართ ვერ წარადგინა არსებითი მტკიცებულებები,ამიტომ სასამართლომ დაადგინა რეპუტაციის ზიანი.ევროსასამართლომაც გაიზიარა უნგრული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება.მართალია,რომ ეს საკითხი იყო საზოგადოებისათვის საინტერესო,ამასთან სახეზე იყო პოლიტიკური სუბიექტი,რომელსაც ენიჭებოდა თმენის ვალდებულება,მაგრამ ევროსასამართლომ ეს დიფამაციური შემთხვევა მაინც არასწორად მიიჩნია.სასამართლომ აღნიშნული მოსაზრება განამტკიცა იმით,რომ პარლამენტარმა თავისი გამოსვლა არავითარ, თუნდაც მცირედი სახის მტკიცებულებასაც კი არ დააფუძნა და მისი გამოსვლა როგორც პარლამენტში ასევე მედიაში იყო მტკიცებით ფორმაში წარმოებული,ამასთან ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე,რაიმე მცირედი საფუძვლის არსებობაც ვერ მოიცავდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

   აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად პოლიტიკოსებისადმი არსებული თმენის ვალდებულებისა, რომელიც ძალიან აფართოვებს გამოხატვის თავისუფლებას, ეს უკანასკნელი მაინც არაა აბსოლუტური და სწორედ პატივისა და ღირსების უფლების ჭრილში შესაძლოა რომ უგულებელყოფილი იყოს.

  არსებული მსჯელობებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ,რომ სასამართლოების მიერ გარკვეული გადაწყვეტილებები შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან,თუმცა ყველა შემთხვევაში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა აუცილებელი პირობაა.არ არის ერთიანი აზრი ასევე გამოხატვის თავისუფლებასა და პატივსა და ღირსებას შორის არსებულ ურთიერთ კავშირს შორის,თუმცა შეგვიძლია ვთქვათ ერთი-გამოხატვის თავისუფლებასა და პატივსა და ღირსებას შორის არსებული ოქროს სტანდარტის მზა ფორმულის პოვნა შეუძლებელია, ჩვენ ამ ორ ღირებულებას შორის წარმოქმნილი კონფლიქტისას უნდა ვიმსჯელოთ იმ კრიტერიუმების გამოყენებით, რომლებიც ზოგადად ევროსასამართლოს პრეცედენტებშია მოცემული,ამასთან,აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ ადრესანტისა და ადრესატის ვინაობა,მათი სამსახურეობრივი მდგომარეობა,მუშაობის სპეციფიკა,გამოხატული აზრის ფორმა,კონტექსტი და გარემო,სადაც იქნა გამოხატული,თმენის ვალდებულების არსებობა,საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობა და სხვა.

  ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის ერთგვარი სტანდარტი გადმოცემულია თუნდაც ჩვენ მიერ განხილულ გადაწყვეტილებებში,თუმცა ,ცხადია,აღნიშნული საკითხი მაინც პრობლემური სამართლებრივი სფეროს ნაწილია და ამ უფლებათა ურთიერთბალანსი ისევ მკვეთრად გასამიჯნია.რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას,ვფიქრობ,რომ ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობისას აუცილებელია გამოხატვის თავისუფლების უმაღლეს საფეხურზე დაყენება და მისი მნიშვნელოვანი სტანდარტების არსებობა,მიუხედავად იმისა,რომ არც იგია აბსოლუტური და შესაძლოა რომ შეიზღუდოს პატივის,ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისას.

 

ავტორი-მარიამლაბაძე

ივანეჯავახიშვილისსახელობისთბილისისსახელმწიფოუნივერსიტეტისიურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსისსტუდენტი

 

 

გამოყენებულილიტერატურა:

1)ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი,თბილისი,2004წელი ,

2) ალექსიძე.,  თანამედროვე საერთაშორისო სამართალი,თბილისი,2010წელი,

3)ბიჭია მ., აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და კერძო ცხოვრების დაცვის უფლებას შორის ღირებულებითი კონფლიქტი, მართლმსაჯულება და კანონი, №3(38)13, 2013წელი,

4)ბურდული., გოცირიძე., ერქვანია., ზოიძე., იზორია., კობახიძე., ლორია., მაჭარაძე., ტურავა. , ფირცხალაშვილი., ფუტკარაძე., ქანთარია., წერეთელი., ჯორბენაძე.,ტურავა.(რედ.),საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი,თავი მეორე:საქართველოს მოქალაქეობა ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თბილისი,2013წელი, 

5)კუბლაშვილი., ძირითადი უფლებები,თბილისი, 2003წელი

 

ევროსასამართლოსპრეცედენტულიგადაწყვეტილებები

1)ოტო-ფრემინგერი ავსტრიის წინააღმდეგ(Otto-preminger v. Austria),1995.

2)კელერი უნგრეთის წინააღმდეგ(Keller v. Hungary),2006.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.